ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” “ჩცდ”-ს დღის ეთერში გაშვებისთვის დააჯარიმა

31 დეკემბერი, 2020 • 2465
კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” “ჩცდ”-ს დღის ეთერში გაშვებისთვის დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ სერიალის გამო ტელეკომპანია “ფორმულა” დააჯარიმა. ტელეარხის ცნობით, მიზეზი დღის ეთერში სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” იმ სერიების გაშვებაა, რომლებიც “შეურაცხმყოფელ ლექსიკას” მოიცავს. მანამდე, შესაბამისი საჩივრით კომისიას მოქალაქე გიორგი ყიფიანმა მიმართა.

უწყებამ ტელეარხს, მაუწყებლობის შესახებ კანონის გათვალისწინებით, ორი დარღვევა დაუდგინა:

  • არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კანონმდებლობით აკრძალულ დროს განთავსება;
  • აღნიშნული კონტენტის ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება.

ჯარიმის ოდენობა ჯერ უცნობია.

როგორც სხდომაზე აღნიშნეს, კომისია არ ითხოვს სერიალის ამოღებას სამაუწყებლო ბადიდან, არამედ, მის ეთერში გაშვებას კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

კომისიას შესაბამისი საჩივრით მოქალაქე გიორგი ყიფიანმა მიმართა. როგორც მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, კომისიისგან ითხოვდა არხის დაჯარიმებას, რადგან “ყოველდღე, უკვე რამდენიმე თვეა, დღის 11 საათიდან 2 საათამდე გადასცემენ სერიალს, რომლის ყოველ სერიაში არის ბილწსიტყვაობა და დედის გინება, რაც წარმოადგენს მაუწყებლობის კანონის დარღვევას”.

ამ დრომდე “ფორმულაზე” “ჩემი ცოლის დაქალების” წინა სეზონების სერიები დღის ეთერში გადიოდა.

ხსენებული საჩივარი ეყრდნობოდა სადავო რეგულაციებს, რომლებიც მიმდინარე წლის სექტემბერში, ბავშვთა კოდექსის ფარგლებში მიიღეს. ცვლილებებით, მაუწყებლებსა და ვებგვერდებს დამატებითი ვალდებულებები დაუწესდათ, რასაც მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იმთავითვე ბუნდოვნად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა.

ერთ-ერთი ასეთი რეგულაციის თანახმად, მაუწყებლებმა საკუთარი ბადე უნდა დაგეგმონ ისე, რომ ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განთავსდეს.

კერძოდ, ტელეკომპანიები ვალდებული არიან, საკუთარ ეთერში არ განათავსონ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 6 საათიდან 24 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის- 6 საათიდან 23 საათამდე; 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის -6 საათიდან 21 საათამდე, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის- 6 საათიდან 21 საათამდე.

“ფორმულას” გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ამ კანონის სრულად ამოქმედებით მედიის ცენზურა დაიწყება და შესაძლოა, ჩცდ-ს შემდეგ სხვა კონტენტიც შეზღუდონ.

“ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს პრობლემას შინაარსის მიმართულებით, იმიტომ, რომ ესაა მაუწყებლის კონტენტში ჩარევის მცდელობა, მეორე მხრივ, ამას გარკვეული ფინანსური ზეწოლაც მოჰყვება”, – ამბობს ზუკა გუმბარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი