ახალი ამბები

არგენტინის კონგრესმა მხარი დაუჭირა აბორტის ლეგალიზებას

30 დეკემბერი, 2020 •
არგენტინის კონგრესმა მხარი დაუჭირა აბორტის ლეგალიზებას

არგენტინის კონგრესმა ქვეყანაში აბორტის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. ისტორიული გადაწყვეტილების ძალით, დაკანონებულია აბორტი ორსულობის მე-14 კვირამდე. საკანონმდებლო ცვლილების მომხრეები გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ.

ამ დრომდე აბორტი მხოლოდ გაუპატიურების, ასევე, ორსულობის თანმდევი, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებების შემთხვევაში იყო შესაძლებელი. კანონპროექტს, რომელიც ამ მოცემულობას ცვლის, 38-მა სენატორმა მხარი დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგ წავიდა. მანამდე პროექტს არგენტინის დეპუტატთა პალატამ დაუჭირა მხარი.

კენჭისყრისას კონგრესის შენობასთან შეკრებილნი იყვნენ როგორც აბორტის უფლების მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. გადაწყვეტილების გამოცხადებას კანონმდებლობის შეცვლის მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ.

გადაწყვეტილება ისტორიულ ნაბიჯად მიიჩნევა კონსერვატიულ ქვეყანაში, სადაც კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. აბორტის უფლების შესახებ კანონპროექტი ქვეყნის მემარცხენე-ცენტრისტი პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის მიერ იყო მხარდაჭერილი. ეკლესია მას თავშივე ეწინააღმდეგებოდა.

ისტორიულ ცვლილებას წინ უძღოდა ქალთა მძლავრი მოძრაობა, რომელიც აბორტის მკაცრი კანონმდებლობის ლიბერალიზებისათვის წლების მანძილზე იბრძოდა.

როგორც BBC წერს, არგენტინის კონგრესის გადაწყვეტილება, სამხრეთ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში აღნიშნული სახელმწიფოს როლიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ამ კუთხით ცვლილებებისთვის მეზობელ ქვეყნებშიც იბრძვიან.

არგენტინის პრეზიდენტის განცხადებით, მკაცრი კანონმდებლობის ფონზე, ყოველწლიურად 38 000 ქალი ხვდებოდა საავადმყოფოში ორსულობის არასათანადო პირობებში შეწყვეტის გამო. მისივე თქმით, 1983 წლიდან დღემდე ამ მიზეზით 3 000 ქალი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი