ახალი ამბები

პარლამენტმა ამნისტიის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

30 დეკემბერი, 2020 • 1328
პარლამენტმა ამნისტიის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრაში მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირება “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით ამნისტია 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს უნდა შეხებოდა და ციხე 800-მდე პატიმარი დაეტოვებინა, თუმცა, როგორც კანონპროექტის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავდმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის პირველის მოსმენით მიღებისას განაცხადა, ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს 20-მდე მუხლი დაემატება.

ამნისტიის კანონპროექტს 15-20 მუხლი დაემატება — სარჯველაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი