ახალი ამბები

ამნისტიის კანონპროექტს 15-20 მუხლი დაემატება — სარჯველაძე

30 დეკემბერი, 2020 • 1006
ამნისტიის კანონპროექტს 15-20 მუხლი დაემატება — სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს 20-მდე მუხლი დაემატება. ამის შესახებ მან დღეს, 30 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამნისტირებული მუხლების გაფართოება ორი მიმართულებით იგეგმება და ძირითადად საუბარი ერთგვაროვან მუხლებზეა.

“გაფართოება მუხლების ორი მიმართულებით გვაქვს გათვალისწინებული. იქ, სადაც ლოგიკა გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ ახალი მუხლები დამატებულიყო, იქნება, ალბათ, დაახლოებით 15-20 მუხლი, რომელიც დაემატება. დაახლოებით ერთგვაროვან მუხლებზეა საუბარი, ეს არ იქნება თვისობრივად განახლებული და იმ პრინციპებთან არათავასებადი, რაზედაც მოგახსენეთ. მაგალითად, ყაჩაღობაზე არ გვაქვს დაგეგმილი, რომ ეს შევიტანოთ”, — განაცხადა სარჯველაძემ.

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ჯერჯერობით ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ციხეს 800-მდე პატიმარი დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი