ახალი ამბები

“ოჯახის უფროსი არ ვიცი, რას ნიშნავს” – სარჯველაძე ხუნდაძეს პასუხობს

30 დეკემბერი, 2020 • 2596
“ოჯახის უფროსი არ ვიცი, რას ნიშნავს” – სარჯველაძე ხუნდაძეს პასუხობს

პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან” მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა დეპუტატ ხუნდაძის ინიციატივას ოჯახში მოძალადეების ნაწილზე ამნისტიის გავრცელების შესახებ. 

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 30 დეკემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას, ოჯახში მოძალადეთა ნაწილის ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა. 

ამასთან, ხუნდაძემ ოჯახში მოძალადე  კაცები “ოჯახის უფროსებად” მოიხსენია. 

„რაც შეეხება ოჯახის უფროსს, რაც ბრძანეთ, არ ვიცი, რას ნიშნავს, ჩემთვის გასაგები არ არის. თუ მარჩენალს გულისხმობთ, ესეც არ შეიძლება გახდეს მთავარი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებისთვის, უბრალოდ… სოციალური პრობლემა მესმის, რომ არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან რთულია მდგომარეობა, რაც ამ კუთხით არსებობს. ამ კუთხით უფრო მეტი პროგრესია საჭირო“, – ასე უპასიხა სარჯველაძემ ხუნდაძეს  და დასძინა:

„თუნდაც იმ ემოციური ფონით, რასაც თქვენ ამბობთ და სხვადასხვა მოტივებიდან გამომდინარე, ადამიანები უარს ამბობენ ჩვენებისგან, თითქოს ოჯახური კონფლიქტის სხვა ალტერნატიული გზებით გადაჭრას ცდილობენ. ეს პრობლემაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ”. 

 დეპუტატი ამბობს, რომ  ოჯახში ძალადობა სისტემური დანაშაულია და საკითხს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს: 

„ამ შემთხვევაში ვახმოვანებ არა მხოლოდ ჩემს აზრს, არამედ დეპუტატებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს, ასევე ვახმოვანებ… ვალდებული ვარ ვთქვა, რომ იგივე სამართალდამცავი ორგანოებისთვის ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა და გამოწვევა, რომელიც ამწუთას მათ აქვთ – ეს ოჯახური დანაშაულები. ამიტომ ვიცი მათი დამოკიდებულებაც“, – ამბობს გიორგი სარჯველაძე.

საქართველოსთვის ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ამას მზარდი ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის სტატისტიკით, იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ოჯახში ძალადობის მუხლით (126-ე პრიმა) 4 562 დანაშაულია რეგისტრირებული, აქედან გახსნილია 2937.

ამასთანავე, პარლამენტში პროკურატურის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოში  ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე 4579 პირის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დევნა, რაც 624-ით მეტია წინ წლის მონაცემებთან შედარებით.

 

ოჯახში ძალადობა და ბრალდებულთა გამართლების მაღალი სტატისტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი