ახალი ამბები

ხუნდაძე ოჯახში მოძალადეთა ნაწილის ამნისტიით გათავისუფლებას ითხოვს

30 დეკემბერი, 2020 • 1599
ხუნდაძე ოჯახში მოძალადეთა ნაწილის ამნისტიით გათავისუფლებას ითხოვს

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილს ამნისტია შეეხოს და ისინი გათავისუფლდნენ.

ეს ინიციატივა მან დღეს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გაახმიანა, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

ხუნდაძემ სიტყვით გამოსვლამდე თქვა, რომ არ არის იურისტი და არც სისხლის სამართლის სპეციალისტი, თუმცა ამნისტიის საკითხებში  გამოცდილება აქვს.

„რაც შეეხება იმ თემას, რაზეც მინდოდა მეთქვა, კი, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპული ნეგატიური დამოკიდებულება, რომ იქნას გარკვეული ნაწილი გათვალისწინებული, მაგრამ მე ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი, ოჯახის წევრებთან, და მათი ნათქვამიც მოვიტანე… ჩემი აზრიც ემთხვევა მათსაც, ამიტომ ვთვლი თავს ვალდებულად, ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები.. ამას გამართლება არ აქვს, თუნდაც, ემოციის ფონზე იყოს. მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებული გაგვეთვალისწინებინა. უპირველესად, სოციალური ფონის, მით უფრო, ამ პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს”.

დეპუტატი ოჯახში მოძალადე კაცებს “ოჯახის უფროსად” მოიხსენიებს და ამბობს:

“ოჯახები არის გახლეჩილი, აქ არის ბევრი პრობლემა, ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ოჯახის უფროსი.. უფრო ხშირად, ოჯახის უფროსები არიან ხოლმე ამის ჩამდენი, სამწუხაროდ. ისინი არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთად აწვებიან, მათი მორალური და ეკონომიკური მხარე ძალიან შეუსაბამო ხდება. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ხელაღებით სრული ამნისტირება უნდა მოვახდინოთ დანაშაულის“, – ამბობს ის.

ამის შემდეგ ხუნდაძე ამბობს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულები, რომლებისთვისაც ეს პირველი შემთხვევაა, გათავისუფლდებიან:

„თუ არის პირველი შემთხვევა, თუ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მას აქვს დადებითი დახასიათება და ოჯახის თანხმობა თუ არის.. ერთი გამონაკლისი უნდა ჩაიდოს – თუ არის პირველი შემთხვევა, მაშინ უნდა იქნას გათვალისწინებული თანხმობა. შესაძლოა, მეორე და მესამე შემთხვევაში, ოჯახში თანხმობა გარკვეულწილად ქვეცნობიერი იყოს და შესაძლოა, შედეგი იგივე დადგეს. თუკი ოჯახი ამ თანხმობას არ გამოხატავს, სასჯელის ამოწურვის შემდეგ ოჯახის უფროსმა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მიაკითხოს ოჯახს, სამაგიეროს გადახდის სურვილიც კი გაუჩნდეს.

თუ შესაძლებელია, მეორე შემთხვევაში ოჯახის თანხმობა არ იქნას გათვალისწინებული. თუ ადამიანმა ეს ემოციურ ფონზე… გამართლება ამისგან შორსაა, თუ მისი დახასიათება იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკები მინიმალური იყოს, ოჯახი თანახმაა, ამ სოციალურ ვითარებაში, ვფიქრობ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი და აუცილებელი“, – ასე ხსნის ხუნდაძე თავის ინიციატივას.

მიუხედავად ხუნდაძის სიტყვებისა, საქართველოსთვის ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ამას მზარდი ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის სტატისტიკით, იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ოჯახში ძალადობის მუხლით (126-ე პრიმა) 4 562 დანაშაულია რეგისტრირებული, აქედან გახსნილია 2937.

ამასთანავე, პარლამენტში პროკურატურის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოში  ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე 4579 პირის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დევნა, რაც 624-ით მეტია წინ წლის მონაცემებთან შედარებით.

ვრცლად:

ოჯახში ძალადობა და ბრალდებულთა გამართლების მაღალი სტატისტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი