ახალი ამბები

ჩარკვიანი: პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, კორუფციული შემოთავაზება მივიღეთ

29 დეკემბერი, 2020 • 1228
ჩარკვიანი: პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, კორუფციული შემოთავაზება მივიღეთ

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ “კორუფციული შეთავაზებები” გაუკეთეს. ჩარკვიანი არ ასახელებს პირებს, ვინც მას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს ესაუბრნენ, თუმცა დასძენს, რომ შეთავაზებები გიგანის ბიზნესს შეეხებოდა.

ჩარკვიანის თქმით, საუბარია ხელისუფლებასთან “ძალიან დაახლოებულ პირებზე’.

“სულ 3 შეხვედრა იყო. აქედან ერთი ჩავთვალე, რომ ადამიანურად “გვაბამდნენ”…  ღიმილის მომგვრელი იყო, რომ ამდენი ხმაა საჭირო და თუ ბრძოლა გინდათ, იქიდან იბრძოლეთ…

მე-2, მე-3 [შეხვედრები] უკვე ძალიან კონკრეტული იყო, პირდპაირი მნიშვნელობით იყო კორუფციული შემოთავაზება”, – ამბობს ჩარკვიანი რ2-ის ეთერში.

ჩარკვიანის განცხადებით, მის მეუღლეს ყველა ბიზნესი გაუნადგურეს გასული 8 წლის განმავლობაში და ახლა ამ საკითხების მოგვარებას სთავაზობდნენ – “ყველაფერი მწყობრში ჩადგებაო”.

“როცა ყველაფერს გიბლოკავენ… წესიერ ბიზნესმენს აყენებ კუთხეში და 8 წლისთავზე მე მაკითხავენ და გეტყვიან, რომ ყველაფერი მწყობრში ჩადგება, ოღონდ შედით პარლამენტშიო…. გული დამწყდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ დონეზე არ იცნობდნენ ჩემს ოჯახს’, – ამბობს ჩარკვიანი და დასძენს, რომ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

მისი თქმით, პირობა ასეთი იყო, რომ ის პარლამენტში უნდა შესულიყო და, სავარაუდოდ, იმავეზე უნდა დაეთანხმებინა გიორგი ვაშაძე, რომელიც “სტრატეგია აღამაშენებლის” ბლოკის ლიდერია. ჩარკვიანის პარტია სწორედ ამ ბლოკში ერთიანდება და მანდატებიც საერთო სიით მოიპოვეს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა პარტიებმა,(გარდა “მოქალაქეების”, “გირჩის” 3 წევრისა და “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრისა), სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს. პარალელურად კი უცხოელი ელჩების შუამავლობით ოპოზციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 4 რაუნდი და იგეგმება, რომ მეხუთე რაუნდიც გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი