ახალი ამბები

300-ლარიან კომპენსაციებზე 130 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა

29 დეკემბერი, 2020 • 948
300-ლარიან კომპენსაციებზე 130 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს 130 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა, საიდანაც 110-ზე მეტ პირს მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილდა. წლის ბოლომდე კი დარჩენილი ნაწილიც მიიღებს ერთჯერადად სახელმწიფო კომპენსაციას.

გახარიას თქმით, 2021 წლისთვის მთავრობის ძირითადი ამოცანა იქნება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალური დახმარებები:

“ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რამხელა ზეგავლენა აქვს ეპიდემიას ეკონომიკაზე და რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის დაკარგულ სამუშაო ადგილს და რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა მთავრობისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. სოციალური დახმარება და სოციალური მდგრადობა 2021 წელს საქართველოში მთავრობის ძირითადი ამოცანა იქნება და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა”, – განაცხადა გახარიამ.

ანტიკირიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის გამოცხადებისას მთავრობამ დააანონსა, რომ 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის ბენეფიციართა მიახლოებითი რიცხვი 100 000 იყო, რისთვისაც გამოიყო 30 მილიონი ლარი. დახმარების მიღებას კი დაქირავებით დასაქმებულების და თვითდასაქმებუელბის ნაწილი შეძლებდა.

კერძოდ, მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით, იმ ობიექტებში დასაქმებული ადამიანები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთა საქმიანობაც დეკემბერსა და იანვარში შეჩერდა, ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებდნენ. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ამ შემთხვევაში მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებდნენ თვითდასაქმებულები, ვინც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განოხორციელების უფლება.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, კომპენსაციას ვერ მიიღებენ პირები, ვინც მუშაობდნენ ისეთ ობიექტებზე, რომლის საქმიანობაც 2 თვის განმავლობაში მთავრობის გადაწყვეტილებით არ არის შეჩერებული. ასევე დახმარებას ვერ მიიღებენ ისინიც, ვისაც შემოსავალი ჰქონდა, თუმცა მათი დამსაქმებელი არ იყო რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად და კონკრეტული დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა, მაგალითად, ძიძები, ოჯახის დამხმარეები და სხვა მსგავსი პროფესიების წარმომადგენლები. ასევე, გარემოვაჭრეები, ვისაც არ ჰქონდა ინდმეწარმის სტატუსი.

დასაქმებულთა ნაწილი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღმა

მასალების გადაბეჭდვის წესი