ახალი ამბები

პანდემიის პირობებში სოცმუშაკებს ტრანსპორტით არ უზრუნველყოფენ – განცხადება

28 დეკემბერი, 2020 • 687
პანდემიის პირობებში სოცმუშაკებს ტრანსპორტით არ უზრუნველყოფენ – განცხადება

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სოცმუშაკთა ტრანსპორტირებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო არ უზრუნველყოფს.

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება არ ხდება არც პანდემიის პირობებში. მათ არ უნაზღაურდებათ არც სამსახურამდე მისვლისა და უკან დაბრუნების და არც ვიზიტების განხორციელებისას გაწეული ხარჯი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანება ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, სოციალური მუშაკები სამსახურში თავიანთი ხარჯით დადიან – „ამასთანავე, სწრაფ და გადაუდებელ შემთხვევებზეც გადაადგიდლებიან ტაქსებით. მათ არ ემსახურება სამსახურის მანქანა და არც გაწეული ხარჯი უნაზღაურდებათ,“.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სოციალური მუშაკები, ამ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომლები, ფასდაუდებელ როლს თამაშობენ ბავშვთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და დახმარების პროცესში. სოციალური მუშაკის რესურსი კიდევ უფრო საჭირო და აუცილებელი გახდა პანდემიის პირობებში“.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, მართალია, შეიქმნა ეგრეთ წოდებული სამორიგეო სქემა, რომლის მიხედვითაც კვირაში ერთხელ, თუმცა დიდი მომართვიანობისა და საქმეთა მაქსიმალური რაოდენობის გამო, სოციალურ მუშაკებს რამდენჯერმე უწევთ სამსხურში გამოცხადება. ამასთანავე, არის შემთხვევები, სადაც სოციალური მუშაკების ფიზიკური გამოცხადება ბენეფიციართან აუცილებელია.

„მოვუწოდებთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, უზრუნველყოს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება – როგორც სამსახურამდე, ისე ვიზიტების განხორიცლების დროს“, – ამბობს „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება,“.

გარეკანი ფოტო:სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

მასალების გადაბეჭდვის წესი