ახალი ამბები | , ,

კახეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი წარედგინა

27 დეკემბერი, 2020 | | 410
კახეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი წარედგინა

კახეთში მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე პროკურატურამ შსს-ს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალი წარუდგინა.

საქმე ეხება 25 დეკემბერს, კახეთში სოფელ იყალთოში მომხდარ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს – ვ.ზ.-ს და ზ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რა დროსაც ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზ.ს.-ს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე ვ.ზ.-ს მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზ.ს.-ს გვერდით მჯდომ ლ.ბ.-ს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით ბრალდებული გუშინ, 26 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, პრკურატურის ცნობით, უწყებამ ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს: დაკავებულია პოლიციის უფროსის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი