დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენას ეხმიანება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ის ამბობს, რომ მოსახლეობას გადაჭარბებულად არ უნდა ეშინოდეს ახალი შტამის.
„იმაზე სწრაფი გავრცელება, რაც ჩვენ გვქონდა დაახლოებით 3 კვირის წინ, ძნელად წარმომიდგენია, ახალ შტამსაც რომ ჰქონდეს. იმ ახალ შტამთანაც რჩება იგივე – პირბადე და დისტანცია. სხვა გზა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს იმისთვის, რომ გავრცელების სისწრაფე შეჩერდეს. ასე რომ, გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის. ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს“, – ამბობს ის.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ საქართველოში მოცირკულირე ვირუსის შტამებს. იმნაძე იმედოვნებს, რომ 2021 წელი იქნება ბოლო წელი „პანდემიის დედამიწაზე ბოგინის“.
„დღეისათვის მსოფლიოში აცრილია 0. 04 მსოფლიოს პოპულაციის. ეს არაფერი არის, მაშინ როდესაც მსოფლიოში უნდა აიცრას პოპულაციის 60-70%, რომ პანდემია გადაიქცეს ჩვეულებრივ სეზონურად“, – დასძენს იმნაძე.
ვირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ და კანადამ ბრიტანეთიდან მოგზაურთა მიღება დროებით აკრძალა.
საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც ბრიტანეთიდან საქართველოში ბრუნდებიან, 12 დღით სავალდებულო საკარანტინო სივრცეებში მოთავსდებიან.
ამ დრომე არსებული მონაცემებით, ვარაუდიბენ, რომ ახალი შტამის ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ გამოირჩევა რაიმე ახალი გართულებით. ასევე, უკვე დამტკიცებული ვაქცინების მწარმოებლები ამბობენ, რომ ვაქცინა ვირუსის ახალ შტამსაც წარმატებით უმკლავდება.
წაიკითხეთ ასევე:
კორონავირუსის ახალი [ბრიტანული] შტამი სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება | ECDC