ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი [ბრიტანული] შტამი სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება | ECDC

24 დეკემბერი, 2020 • 1048
კორონავირუსის ახალი [ბრიტანული] შტამი სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება | ECDC

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასა და ავსტრალიში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება დააფიქსირეს. ინფორმაციას გერმანული Deutsche Welle ავრცელებს.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) განცხადებით, ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთიდან გავრცელდა, აღმოაჩინეს ისლანდიაში, დანიასა და ნიდერლანდებში, ასევე, ბელგიასა და იტალიაში.

ჯანდაცვის დამოუკიდებელი მკვლევარი ჯონ კამპბელი დოიჩე ველესთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება, სინამდვილეში ჯერ კიდევ გვიან შემოდგომით აღმოაჩინეს ინგლისში.

“რადგან ის უკვე სექტემბრიდან ცირკულირებს, არსებობს შანსი, რომ ვირუსის ახალი შტამი უკვე ევროპულ ქვეყნებშიც არის გავრცელებული”, – აცხადებს კემპბელი.

გერმანული რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც გერმანიაში ბრიტანეთიდან მოხვდა.

“შესაძლებლობა, რომ ახალი ვარიაცია უკვე გერმანიაშია, არ არის ჯერ სრულად დამტკიცებული, თუმცა ამისი შანსი ძალიან, ძალიან მაღალია”, – განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორმა ლოთარ ვიელერმა.

მისი თქმით, ვირუსის გერმანიაში გავრცელების შანსი მაღალი გახლდათ, გამომდინარე მეზობელ ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევებისა და იმის გამოც, რომ ახალი ვარიანტი სექტემბრიდან არსებობს.

ავსტრალიაშიც გამოავლინეს ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთიდან ჩასულ მოგზაურებს დაუდგინდათ. ისინი საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილნი.


ვირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ და კანადამ ბრიტანეთიდან მოგზაურთა მიღება დროებით აკრძალეს.

საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც ბრიტანეთიდან საქართველოში ბრუნდებიან, 12 დღით სავალდებულო საკარანტინო სივრცეებში მოთავსდებიან.

ამ დრომე არსებული მონაცემებით, ვარაუდიბენ, რომ ახალი შტამის ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ გამოირჩევა რაიმე ახალი გართულებით. ასევე, უკვე დამტკიცებული ვაქცინების მწარმოებლები ამბობენ, რომ ვაქცინა ვირუსის ახალ შტამსაც წარმატებით უმკლავდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი