ახალი ამბები

ამორალური მგონია ასეთ პერიოდში პასუხისმგებლობაზე უარის თქმა – გახარია ოპოზიციაზე

24 დეკემბერი, 2020 • 1039
ამორალური მგონია ასეთ პერიოდში პასუხისმგებლობაზე უარის თქმა – გახარია ოპოზიციაზე

პრემირ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლას “ასეთ პერიოდში” ამორალურად მიიჩნევს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატობა ამომრჩევლებმა 9 პარტიის წევრებს დაავალეს, რათა ერთად მუშაობის შედეგად ქვეყანა კრიზისიდან გამოეყვანათ:

“გულწრფელად, არ მგონია, რომ მართებული იყოს იმ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, რომელიც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგაკისრეს, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატს. ამასთან ერთად, ამორალური მგონია ასეთ პერიოდში უარის განცხადება პასუხისმგებლობაზე, რომელიც შენმა მოქალაქეებმა, ამომრჩევლებმა არჩევნების დროს დაგაკისრეს და ამის ახსნა-განმარტება იგივე მოქალაქეების ინტერესებით. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი დღევანდელი თანამედროვე პოლიტიკური რეალობა.

ალბათ, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის განვითარებადი, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა და ეს არის ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რეალური გლობალური გამოწვევები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად უმკლავდებიან, ეს ეხება მათ ჯანმრთელობას, მათ სამუშაო ადგილებს, მათ სოციალურ უზრუნველყოფას, ჩვენს დევნილებს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ყველაზე უფრო რეალურია დღეს”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, მას სჯერა, რომ გაიმარჯვებს “გონიერება” და ყველა გამოწვევის მიუხედავად ერთად მუშაობას შეძლებენ.

ასევე, მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ:

“ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რასაც მოგვიწოდებენ, ჩვენ იმას ვაკეთებთ, ისინი ოპოზიციასაც მარტივ რამეს მოუწოდებენ – პოლიტიკა გააკეთეთ პარლამენტში და არა ქუჩაში. და თუ თქვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცათ და პასუხისმგებლობა დაგაკისრათ, მაშინ ნება იბოძეთ და იმ მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ საპარლამენტო ტრიბუნა და არა ქუჩა”, – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი