ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

24 დეკემბერი, 2020 • 1202
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

მეათე მოწვევის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა ახალმა პარლამენტმა ერთპარტიული შემადგენლობით განიხილა და 85 ხმით, არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობა უცვლელია, ერთადერთი ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძეა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ასრულდებდა. ამასთან, ლორთქიფანიძე მთავრობის შემადგენლობაში დროებით არის, ვინაიდან საქმიანობას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ გააგრძელებს.

საქართველოს მთავრობაში ამ დროისთვის 11 სამინისტროა, თუმცა, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, არაუგვიანეს 2021 წლის თებერვლისა, განათლების სამინისტროს გამოეყოფა და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება კულტურის სამინისტროც.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არიან:

  1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
  2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათელა თურნავა;
  4. თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
  5. იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
  6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
  7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
  8. საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
  9. ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
  10. შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი