ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უნდა მივაღწიოთ ევროკავშირის მისიის მანდატის გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე – გახარია

24 დეკემბერი, 2020 • 1709
უნდა მივაღწიოთ ევროკავშირის მისიის მანდატის გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოკუპაციის დასრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია.

“ორმხრივი, მრავალმხრივი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის სრული ჩართულობით, არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია რუსეთზე წნეხის გაზრდაც.

“იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიას, რამეთუ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ელემენტარული ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი გავაჩინოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ”, – ამბობს გიორგი გახარია.

რა ფორმატები არსებობს ამჟამად 

კონფლიქტების გადაჭრისთა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საქართველო ჩართულია მოლაპარაკებათა ორ ძირითად ფორმატში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც მრავალმხრივია და აერთიანებს არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს, არამედ ეუთოს, ევროკავშირის, გაეროსა და აშშ-ის წარმომადგენლებს. ჟენევის ფორმატში მონაწილეობენ აფხაზი და ოსი წარმომადგენლებიც.

მხარეებმა სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიაღწეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ შეთახნებას, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.

აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტული ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა.

მეორე ფორმატს წარმოადგენს აბაშიძე-კარასინის ორმხრივი ფორმატი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ძირითადად განიხილავს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.  საქართველოში ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები უშედეგოა და აღნიშნული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა. ის შეუიარაღებელი სამოქალაქო მისიაა, რომლის მანდატიც ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა, რეალურად, მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  და შეზღუდული აქვს წვდომა დე ფაქტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.

მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროკავშირმა სადამკვირვებლო მისიის ბიუჯეტი განაახლა და ამჟამად 2022 წლის ბოლომდე იმუშავებს. მოსალოდნელია, რომ სადამკვირვებლო მისია ამ თარიღის შემდეგაც გაგრძელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლები ჩართულნი არიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატშიც.

დიალოგის შესაძლო ფორმატები თბილისსა და სოხუმს შორის

დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ “ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ დიპლომატიის გზითაა შესაძლებელი, რომელიც ურთიერთაღიარებასა და თანასწორობას უნდა ეფუძნებოდეს.

სოხუმში მიღებულ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეა საუბარი, ადგილობრივი ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს, 22 დეკემბერს განაცხადა, რომ თბილისი მზაადაა გააფართოოს არსებული დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან, თუმცა დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიალოგის ის ფორმატი, რასაც თბილისი სოხუმს სთავაზობს, მიუღებელია.

“აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ თბილისი რადიკალურად გადახედავს საკუთარ კურსს აფხაზეთის მიმართ, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეათანხმებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს და უარს იტყვის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი