ახალი ამბები

დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრები გაიხსნება – რა შეზღუდვები შემსუბუქდა

24 დეკემბერი, 2020 • 1156
დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრები გაიხსნება – რა შეზღუდვები შემსუბუქდა

დღეიდან, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. თუმცა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრებში სიარული შეეძლებათ. თუმცა, გარკვეული რეგულაციების დაცვით – კერძოდ, მაღაზიები იმუშავებენ დილის 07:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე, ფასდაკლებები კი მხოლოდ დღის პირველ ნახევარში იმოქმედებს.

მთავრობის გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ვრცლად გამოიყურება ასე:

1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში

2. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;

4. 24 დეკემბრიდან- 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები

5. მთავრობის ცნობით, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე;
  • მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
  • მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი;
  •  მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
  • ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები;
  • ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;

მთავრობის განცხადებით, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე, საქმიანობის შეჩერება.

 დღეის მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

საკოორიდიმაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.
  • რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

ასევე, ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო, ოჯახურ წრეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი