ენმ-ის ახალი თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც ონლაინ რეჟიმში სოციალურ ქსელ Facebook-ზე იმართება, პარტიის ლიდერი ნიკა მელია ლიდერობს.
22 დეკემბრის 00:00 საათის მონაცემებით, მელიას 5 300-ზე მეტი ხმა აქვს მიღებული, ლევან ვარშალომიძეს კი, 2 300-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
პარტიამ კენჭისყრის დისტანციურად ჩასატარებლად Facebook ჯგუფი შექმნა, სადაც, მათი თქმით, ყველა მსურველს შეუძლია გაწევრიანება და სასურველი კანდიდატის მხარდაჭერა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დასტურს (ავტორიზაციას) ვერ მიიღებენ.
კენჭისყრა 21 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე დაიწყო და 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.
პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ენმ-ს ტოვებს. პარტიის დატოვების მიზეზებს შორის იგი ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.