ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ელ.ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ აჭარბებს დანარჩენი საქართველოს მაჩვენებლებს | IDFI

21 დეკემბერი, 2020 • 1965
აფხაზეთში ელ.ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ აჭარბებს დანარჩენი საქართველოს მაჩვენებლებს | IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ნოემბრის თვის ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვას ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულზე სამჯერ აღემატება მოხმარებას დანარჩენ საქართველოში.

2020 წლის საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მოიხმარს  8,1552 კვტ. სთ. ელექტროენერგიას. დანარჩენ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2,542 კვტ. სთ-ია.

“აფხაზეთის მაღალი მოხმარება ძირითადად „უფასო“ ელექტროენერგიით და კრიპტომაინინგით შეიძლება აიხსნას”, – ნათქვამია IDFI-ს ანგარიშში.


გრაფიკზე ნაჩვენებია საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების პროცენტული ზრდა 11 თვის განმავლობაში. მოხმარების კლებაა “მსხვილ მომხმარებლებში”, ასევე, “მოსახლეობასა და ბიზნესშიც”, თუ არ ჩავთვლით სექტემბრის თვეში მცირედით ზრდას. აფხაზეთში მოხმარება მუდმივად იზრდებოდა (გარდა მარტისა) – 11 თვის საშუალო 24%. აფხაზეთში რეკორდულად გაიზარდა ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე მოთხოვნაც.

“2020 წლის პირველ 11 თვეში აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 88% შეადგინა. 24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელექტრონერგიის მოხმარება (2.2 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად ,გამოწვეულია ენგურჰესის გენერაციის შემცირებით მიმდინარე წელს”, – ვკითხულობთ ანგარიშში. საქართველოსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის არსებობს არაფორმალური, თუმცა მოქმედი შეთანხმება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის განაწილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გამომუშავებული ენერგიის 40% აფხაზეთის, ხოლო 60% – დანარჩენი საქართველოს მომარაგებას ხმარდება. გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთი საქართველოს ცენტრალური ენერგოსისტემის ნაწილია, აფხაზეთის მოხმარება ზოგჯერ აჭარბებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 100%-საც კი. 2021 წლის თებერვალში დაგეგმილია ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის შეკეთება, რის გამოც ჰესი რამდენიმე თვით გაჩერდება.

კრიპტოვალუტების მოპოვება აფხაზეთში  

წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ფასის სიიაფისა და ხელმისაწვდომობის გამო, აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვება მომგებიანი ბიზნესი იყო. თავის მხრივ, კრიპტოვალუტის მოპოვება ენერგოტევადი დარგია და ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას საჭიროებს.

ენერგიის მოხმარების ჭარბი ზრდა, ზრდის დაწოლა ენერგიის მიწოდების ქსელებზე. ჯერ კიდევ 2018 წელს, იმდროინდელი აფხაზეთის დე დაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა კრიპტოვალუტების მოპოვების შეზღუდვის შესახებ, თუმცა სამართლებრივი დოკუმენტი მხოლოდ ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დროს დამტკიცდა

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის განცხადებით, აფხაზეთში აიკრძალა ყველა სახის კრიპტოვალუტის წარმოება.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ საკითხში პრიორიტეტები არ აქვს. არსებობს დადგენილება – ვინც არ უნდა აწარმოებდეს კრიპტოვალუტას, ყველას უნდა გაეთიშოს”, – განაცხადა დეკემბრის თვეში ოზგანმა.

იქამდე, კრიპტოვალუტის მაინინგი აფხაზეთში ოფიციალურად არ ეკრძალებოდათ მათ, ვისაც ამის ნებართვა გააჩნდა. თუმცა ელექტროენერგიის მზარდი ხარჯვისა და კრიზისის შექმნის ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყოველდღიურად ხდება უკანონო საწარმოების აღმოჩენა და მათი დახურვა. კანონიერად მომუშავე საწარმოებს კი საქმიანობა 2021 წლის მაისამდე შეუჩერეს. ამის მიუხედავად, კრიპტოვალუტის საწარმოები აფხაზეთში კვლავ მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრიპტოფერმების დიდი ნაწილი ჩინოვნიკების მფლობელობაშია.


აფხაზეთის ენერგო მოხმარების შესახებ გირჩევთ სტატიებს ნეტგაზეთის არქივიდან:

ელექტროენერგიის კრიზისი აფხაზეთში “ენგურჰესი” რამდენიმე თვით გაჩერდება – რა ელის აფხაზეთს  

ელექტროენერგიის კრიზისი აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი