ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ელექტროენერგიის კრიზისი აფხაზეთში

26 ნოემბერი, 2020 • 1533
ელექტროენერგიის კრიზისი აფხაზეთში

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთის პარლამენტმა აფხაზეთის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის მოპოვების შეზღუდვაზე დადგენილების პროექტი მიიღო. პროექტი ითვალისწინებს ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვას, ასევე, აფხაზეთში კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო დანადგარების შემოტანას.


ყოველდღე, ზუსტად საღამოს ხუთ საათზე, სოხუმის ახალი რიაონის ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობა ეზოს ფაცხაში ყავას ხარშავს, მზესუმზირას აკნატუნებს და ქვეყანაში შექმნილი პრობლემების მთავარ დამნაშავეებს ეძებს. ყოველდღე, 17:00-დან 21:00 საათამდე, სოხუმის ახალ რაიონში ელექტროენერგია ითიშება. სახლებში ბნელა და ცივა, ეზოში კი ადამიანებს საშუალება ეძლევათ განიხილონ მთავრობისა და პარლამენტის უკანასკნელი გადაწყვეტილებები და ის, თუ ვის რამდენი მაინინგ ფერმა აქვს და რამდენი მილიონი იშოვა. აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისი ახალ დონეზე სწორედ მაინინგ ფერმებმა გაიყვანეს.

ელექტროენერგიის შეწყვეტა ყოველდღე ექვსი საათით  აფხაზეთში 15 ნოემბრიდან დაიწყო. დილით, შუადღეს და ღამით შუქი ქრება. ზოგან დიზელზე მომუშავე გენერატორები მუშაობს.

ელექტროენერგიის განრიგით მიწოდების ორი მიზეზია. პირველი – აფხაზეთმა ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი 40%-იანი წილი დახარჯა. მეორე კი – ქსელის გადატვირთვა. სწორედ ამ მიზეზით, მაშინაც კი, როდესაც ელექტოენერგია მიეწოდება აფხაზეთს, სახლებში ნათურები ბჟუტავს.

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაფერში დამნაშავე კრიპტოვალუტის მაინერები არიან, რომლებიც უკანონოდ მოიხმარენ ენერგიას, თუმცა, როგორც ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ამბობს, კანონიერად მომუშავე მაინინგ ფერმების მიერ ელექტოენერგიის ხარჯვაც ყველა გონებრივ ზღვარს სცდება. 

ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ასახელებს, აფხაზეთში 2016 წლიდან ელექტროენერგიის ხარჯვის ზრდამ დაახლოებით 30% შეადგინა, რაც დაახლოებით 4,5 მილიონი კილოვატი საათია. ეს კი იმ პერიოდის მონაცემია, როდესაც მაინინგი ჯერ კიდევ ოფიციალურად აკრძალული იყო. 

ოზგანის განმარტებითვე, დღეს აფხაზეთში მაინერები მოიხმარენ ელექტროენერგიის დაახლოებით 100 მეგავატამდე, თუმცა მხოლოდ 40 მეგავატის მოხმარება შეუძლიათ, ისიც არა ზამთრის პერიოდში, იმისთვის, რომ არ მიაყენონ ზიანი საერთო ქსელს.  

როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვა აღნიშნული ბიზნესის განვითარებისთვის ბიძგი აღმოჩნდა და არა შეზღუდვა, როგორც ამას ვარაუდობდნენ. 

“ჯერ კიდევ 2019 წელს პროკურატურამ ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტზე, სადაც კრიპტოფერმა იყო განლაგებული, შემოწმება ჩაატარა და არანაირი სანქცია არ დაუწესებია”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა საპარლამენტო მოსმენებზე, სადაც დეპუტატებს იმ სახელმწიფო დაწესებულებების შესახებ საქაღალდე აუფრიალა, სადაც კრიპტოვალუტის მოსაპოვებელი დანადგარები იყო აღმოჩენილი. 

ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო “ჩერნომორენერგოსთან” ერთად, როგორც აცხადებს, 24- სააათიან რეჟიმში მუშაობს და  აჩერებს უკანონო კრიპტოფერმებს, კანონიერად მომუშავეებს კი, მთავრობის დადგენილების თანახმად, 2021 წლის მაისამდე საქმიანობას უკრძალავენ. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, ენერგოსისტემაში არსებული სიტუაციის შესაბამისად, მაინინგს არეგულირებს და გარკვეული დროით მისი შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. 

ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება ინფორმაცია ახალი მაინინგ ფერმის ქსელიდან გათიშვის შესახებ. 

“კრისტინა ოზგანმა ჯერ მისი საკუთარი ფერმა გათიშოს, მთელი ძველი უბანი გუგუნებს იმ დანადგარებისგან, რომელიც მის ყოფილ ჩაის ფაბრიკაში დგას”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტყავის ქარხნის შენობაში სოხუმის მერის კრიპტოფერმაც დგას. 

დეპუტატი ნატალი სმირი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის განრიგით მოწოდება უკიდურესი ზომაა. 

“მაგალითად, ჩემს შვილებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე არიან, ელექტროენერგიის გათიშვის გამო ინტერნეტი ეთიშებათ.  როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა, როდესაც არც სკოლაა და არც შუქი”. 

ამასთან, დეპუტატის აზრით, გაიზარდა ფასები მაღაზიებში, საცხობებში და სასადილოებში, რადგან მეწარმეები ელექტროენერგიის გათიშვის დროს გენერატორებს ამუშავებენ, რაც დამატებითი ხარჯია.  

მაგალითად, სოხუმის ცენტრში ერთ-ერთი მაღაზია, იმის მიუხედავად, რომ მისი მაცივრები გაყინული პროდუქტით სავსეა, არ ამუშავებს გენერატორს. მაღაზიის გამყიდველები ამბობენ, რომ პროდუქტს “არაფერი მოუვა”, თუმცა მინის მიღმაც ჩანს, რომ პროდუქტი ფუჭდება. 

როგორც ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი აცხადებს, თუ ელექტოენერგიის მოხმარება არ შემცირდება, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების საჭიროება ახალ წლამდეც შეიძლება შეიქმნას, რაც აფხაზეთისთვის კიდევ უფრო მეტი ვალს ნიშნავს.

გაზაფხულის დავალიანების გათვალისწინებითა და ენგურჰესის დროებით გაჩერების პერიოდში, აფხაზეთის ვალი 2 მილიარდ 100 მილიონ რუსული რუბლი [დაახოებით, 27 მილიონი აშშ დოლარი] იქნება. 

სოხუმი ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; ნოემბერი/2020

მასალების გადაბეჭდვის წესი