ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პროტესტის მიუხედავად, ფაშინიანი სიუნიკში ხალხთან შესახვედრად ჩავიდა

21 დეკემბერი, 2020 • 1025
პროტესტის მიუხედავად, ფაშინიანი სიუნიკში ხალხთან შესახვედრად ჩავიდა

აზერბაიჯანთან სადემარკაციო სამუშაოებისა და სომხეთის მიერ სტრატეგიული სიმაღლეების დათმობის გამო, სიუნიკის რაიონის მოსახლეობის უკმაყოფილებისა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების მიუხედავად,  სომხეთის პრემიერი სიუნიკში ჩავიდა.

სიუნიკის რაიონისკენ მიმავალ გზაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რაიონის მოსახლეობას მიმართა ფეისბუკის ლაივის საშუალებით.

“მე მივდივარ სიუნიკში, რათა პატივისცემა გამოვხატო რაიონის მოსახლეობის მიმართ და გულწრფელად ველაპარაკო მათ. გარწმუნებთ, მათთან საუბარში მე არ ავარიდებ თვალს. მე ვასრულებდი და შევასრულებ საკუთარ ვალდებულებებს თქვენ წინაშე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი გადაწყვეტილება სიუნიკში ვიზიტთან დაკავშირებით მიღებული იყო არა სიტუაციის გამწვევების ან ჭრილობის გაღრმავებისთვის, პირიქით, მე გადავწყვიტე წასვლა ხალხის მიმართ პატივისცემის გამო და, რაც მთავარია, ყველა თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიუნიკის ტერიტორიების არცერთი მილიმეტრი არ იქნება გადაცემული”.

დღეს დილით, 21 დეკემბერს, სიუნიკის რაიონის შესასვლელთან პრემიერ ფაშინიანის ვიზიტის ხელის შემშლელი აქცია დაიწყო. იქამდე კი გორისის მერმა, არუშ არუშანიანმა გორისელებს მოუწოდა, ხელი შეეშალათ ნიკოლ ფაშინიანის სიუნიკში შემოსვლისთვის, რის შემდეგად პოლიციამ დააკავა.

პოლიციასა და სიუნიკის მცხოვრებლებს შორის 21 დეკემბერს შეტაკებაც მოხდა.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული ომი 10 ნოემბერს სამმხრივი [რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი] შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. სომხეთის სამხრეთში მდებარე სიუნიკის რაიონი [მათ შორის ადმინიტრაციული ცენტრი კაპანი] აზერბაიჯანის ახალი საზღვრების უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდა. კაპანიდან რამდენიმე სოფლისკენ მიმავალი გზა კი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი