ახალი ამბები

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ აირჩიეს

19 დეკემბერი, 2020 • 2218
გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ აირჩიეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს.

გადაწყვეტილება რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეის მე-19 სესიაზე მიიღეს, რომელიც ნიუ იორკში 17-23 დეკემბერს იმართება. ასამბლეის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონიდან ექვს მოსამართლეს ირჩევენ.

ICC-ის მოსამართლე იმავდროულად საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვერ იქნება. მანამდე “ნეტგაზეთმა” კითხვით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, თუ რატომ დასახელდა ლორთქიფანიძე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მაშინ, როდესაც პარლალელურად ICC-ის მოსამართლის არჩევნებში მონაწილეობდა. მოსამარატლეთა კენჭისყრამდე მთავრობაში აცხადებდნენ, რომ არ იცოდნენ, როგორ დასრულდებოდა არჩევნები და კონკურსში წარმატების შემთხვევაში, ჰააგის სისხლის სამართლის მოსამართლეობასა და იუსტიციის მინისტრობას შორის არჩევანი გოჩა ლორთქიფანიძის გადასაწყვეტი იქნებოდა.

“გოჩა ლორთქიფანიძე დღემდე ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას და, ამავდროულად, წარდგენილი იყო (ამჟამადაც წარდგენილია) ჰააგაში მოსამართლეობის კანდიდატად, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია მინისტრის მოვალეობის ეფექტურად შესრულებაში და არც კანონით გათვალისწინებული რაიმე შეუთავსებლობაა ამ მხრივ, რომ ის არის კონკურსანტი. აღნიშნული კონკურსი რა შედეგით დასრულდება, არავინ იცის და კონკურსში მისი კანდიდატურის გასვლის შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი გოჩა, ეს იქნება მისი გადასაწყვეტი”,- განუცხადეს “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ICC-ის მოსამართლეთა კენჭისყრამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საკუთარი წარმომადგენელი ამ დრომდე არ ჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი