ნეტგაზეთი | დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებზე დაწესებული აკრძალვა არაკონსტიტუციურია – სასამართლო დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებზე დაწესებული აკრძალვა არაკონსტიტუციურია – სასამართლო – Netgazeti
RU | GE  

დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებზე დაწესებული აკრძალვა არაკონსტიტუციურია – სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც პროკურორს უკრძალავდა დაზარალებულისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიწოდების შესაძლებლობას. ინფორმაციას ავრცელებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომელიც  მოსარჩელე მოქალაქის ინტერესებს ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან ერთად იცავდა.

“ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დაზარალებულს საქმის მასალებს აცნობდნენ პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში შესაბამისი პროკურორის ან გამომძიებლის ზედამხედველობის ქვეშ. დაზარალებულს არ ჰქონდა უფლება, პროკურატურიდან წაეღო სისხლის სამართლის საქმის ასლები და სხვა ადგილას გასცნობოდა საჯარო მოხელეების ზედამხედველობის გარეშე”, – დასძენს ორგანიზაცია.

სასამართლომ ეს აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო, ვინაიდან დაზარალებულს არ ჰქონდა ასლების მიღების შესაძლებლობა მაშინაც კი, როცა ამით ზიანი არ მიადგებოდა გამოძიების ინტერესებს, ასევე, ასლების მიღებით არ შეიქმნებოდა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების გასაჯაროების შესაძლებლობა.

“საიას” ცნობით, სასამართლომ პარლამენტს მიანდო იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ ვის უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაღების ხარჯები: დაზარალებულს, თუ სახელმწიფოს.

“საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია ყველა ადამიანის უფლება, საჯარო დაწესებულებაში გაეცნოს მის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დარღვევა დაადგინა ამ საქმეში, ვინაიდან დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს არ ჰქონდა მის შესახებ პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოში დაცული ინფორმაციის ასლის სახით მიღების შესაძლებლობა”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან