ახალი ამბები

კორონავირუსით 31 წლის კაცი გარდაიცვალა, კლინიკის განმარტებით მას თანმხლები დაავადება არ ჰქონდა

18 დეკემბერი, 2020 •
კორონავირუსით 31 წლის კაცი გარდაიცვალა, კლინიკის განმარტებით მას თანმხლები დაავადება არ ჰქონდა

ფოთში მცხოვრები 31 წლის კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ პრობლემა ჯანდაცვის სისტემის სახვადასხვა ეტაპზე შეექმნა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და მკურნალობა დაგვიანდა. დაგვიანებით მკურნალობაზე საუბრობს კლინიკის მენეჯერიც, სადაც პაციენტი გარდაიცვალა. მისი თქმით 31 წლის კაცს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

კაცის ოჯახის წევრი “მთავარ არხთან” საუბრისას ჰყვება, რომ 31 წლის გარდაცვლილი კორონავირსზე ტესტის გაკეთებას 3 დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა კლინიკაში მისულს ადგილზე არავინ ხვდებოდა. მას შემდეგ კი, რაც საბოლოოდ კორონავირუსის ტესტი გაიკეთა და ვირუსი დაუდასტურდა,  ქობულეთში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრის თქმით, ამ დროს მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტი არა ქობილეთის, არამედ სხვა ქალაქის კოვიდსასტუმროში იყო მოთავსებული, კლინიკაში გადაყვანამდე.

“სამი დღე დადიოდა ტესტის ასაღებად და დაკეტილი იყო… იმიტომ, რომ ჯანდაცვა არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. სამი დღე ტესტის ასაღებად თვითონ მიდოდა მანქანით, სიცხიანი. მაგრამ არ დახვდნენ არცერთ დღეს… მერე გადაიყვანეს ქობულეთში კოვიდსასტუმროში ასეთი მძიმე პაციენტი და რა გაუკეთეს…

მთელი ღამე 40 და 40 გრადუსზე მაღალ სიცხეს ებრძოდა. ერთი აბი რაღაც წამალი მიუციათ და მთელი ღამე იბრძოდა… მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან მაღალი სიცხეები ჰქონდა და იწვოდა სიცხისგან, მაგრამ არაფერს აძლევდნენ დამატებით, რომ სიცხე დაეგდოთ.  CT (ტომოგრაფია) რომ გადაეღოთ ფილტვებზე… აპარატი ორი დღეა გაფუჭებული გვაქვსო და ვერ გადაუღეს, ორი დღე დაწვეს სიცხისგან. მერე მირეკავენ დილით და მეუბნებიან, რომ ვრეკავთ ჯანდაცვაში, სასწრაფოში, ყველგან და ყველა გვიკიდებს ყურმილს და არავინ არ გვპასუხობს არაფერსო… ასეთი მძიმე პაციენტია და თქვენ თუ სადმე მიგიწვდებათ ხელი, შეგიძლიათ დარეკოთ და გადაიყვანოთ, თორემ მოკვდებაო… მე სად არ დავრეკე, ვინ არ შევაწუხე, ერთი ადგილი ვერ ვიპოვე…”, – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი “მთავარ არხთან”.

31 წლის მამაკაცი საბოლოოდ ზუგდიდში, “რუხის საავადმყოფოში” მოათავსეს, სადაც დღეს, დილის საათებში გარდაიცვალა. “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში კლინიკის მენეჯერი, ნინო აკობია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მოთავსებისას უკვე მძიმე იყო. კლინიკის მენეჯერის თქმით, მამაკაცს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

“დაგვიანებული იყო მკურნალობა. ბინაზე მკურნალობდა 10 დღე. თავიდან ბინაზე მკურნალობდა, მერე ფოთში მივიდა [კლინიკაში], უკვე მძიმედ იყო და მეორე დღესვე გადმოიყვანეს ჩვენთან”, – ამბობს აკობია.

დღეს, 18 დეკემბერს, ცნობილი გახდა კორონავირუსით კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებაც. 29 წლის გიორგი კაკოშვილის ახლობლები ამბობენ, რომ  დაგვიანებული და არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.

2000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი