ახალი ამბები

მერია “ღიმილის უბანში” უნებართვოდ მშენებარე სახლების მფლობელებს დასანგრევად რამდენიმე დღეს აძლევს

18 დეკემბერი, 2020 •
მერია “ღიმილის უბანში” უნებართვოდ მშენებარე სახლების მფლობელებს დასანგრევად რამდენიმე დღეს აძლევს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა უნებართვო ერთბინიანი კერძო სახლების დაგეგმილი დემონტაჟის შესახებ განაცხადა.

სამსახურის წარმომადგენელმა საზოგადოებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოვლინდა 7 უკანონოდ მშენებარე ნაგებობა, რომელიც დანგრევას ექვემდებარება.”

ინსპექციის სამსახურმა მოქალაქეებს 2-დღიანი ვადა მისცა, რათა თავადვე დაანგრიონ ნაგებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაგებობების დემონტაჟს სახელმწიფო განახორციელებს. ინსპექციის განმარტებით, საუბარია დაუსრულებელ შენობებზე, სადაც მოქალაქეები ჯერ შესახლებული არ არიან.

“მშენებლობის მწარმოებელ პირს ევალება, 2 დღის ვადაში წარმოადგინოს წარმოებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან მოახდინოს შენობის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადგან მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მითითების გაცემის გარეშე მიიღოს უნებართვო შენობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას”, – ნათქვამია ინსპექციის მიერ შენობებზე გაკრულ განცხადებაში.

2 თუ 4

ჩატარებული ბრიფინგის მიხედვით, მოსახლეობას სახლების დემონტაჟისთვის 4 დღე მიეცა, თუმცა განცხადებებში ნათქვამია, რომ ამისთვის 2 დღე აქვთ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისის მერიის ცხელ ხაზს, რათა დაედგინა, თუ რამდენი დღე მიეცა მოსახლეობას საბუთების წარმოსადგენად ან შენობათა დემონტაჟისთვის, სადაც დაადასტურეს, რომ მათ 4 დღე მიეცათ. თუმცა ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანამშრომელსა და განცხადებების გაკვრაზე პასუხისმგებელ პირს, ლაშა ქობულაშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ ოფიციალურ განცხადებებში, რომლებიც მშენებარე ობიექტების კარკასზე განთავსდა, ნამდვილად 2 დღე ეწერა.

“მე თავად მაქვს ნანახი განცხადებები, იქ ნამდვილად 2 დღე წერია”, – ამბობს ლაშა ქობულაშვილი.

სად მდებარეობს თვალჭრელიძის ქუჩა

ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა მდებარეობს სამგორის რაიონში, ვარკეთილში. ქუჩაზე გაშენებულია ე.წ. “ღიმილის უბანი”, რომელიც უნებართვოდ აშენებული დასახლებაა.

ნეტგაზეთი ოქტომბრის თვეში იმყოფებოდა “ღიმილის უბანში”, სადაც ადგილობრივების თქმით, ძირითადად ცხოვრობს სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი მოსახლეობა.

ფოტო გარეკანზე – კადრი ინსპექტირების სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან*


14 დეკემბერს თბილისის მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფრიკის დასახლებაში გამოავლინა უკანონო მშენებლობის 12 ფაქტი, შემდეგ კი აღნიშნული ნაგებობები დაანგრია.

ნგრევის პროცესს მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. დაშავდა ერთი ფეხმძიმე ქალიც.

პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა ერთი პირი, რასაც მოგვიანებით სასამართლომ სასჯელის სახით 10 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი