ახალი ამბები

Covid19-ით გარდაცვლილი 29 წლის კაცის ახლობლები დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობენ

18 დეკემბერი, 2020 • 1581
Covid19-ით გარდაცვლილი 29 წლის კაცის ახლობლები დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობენ

რუსთავში 29 წლის  გიორგი კაკოშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეგობრისა და ოჯახის ახლობლის, ბადრი ბერიძის თქმით, სიმპტომების გამოვლენის საწყის ეტაპზე მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, რამაც დაგვიანებული და არასწორი მკურნალობის ფონზე მისი გარდაცვალება გამოიწვია. ბერიძის თქმით, მისი ინფორმაციით, კაკოშვილს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

ბერიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ კაკოშვილმა თავდაპირველად ონლაინ კონსულტაცია გაიარა სადაზღვევო კომპანიის ექიმთან, რის შემდეგაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, რომლის შედეგადაც კაკოშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ექიმმა ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვა. ამის შემდეგ კაკოშვილმა მკურნალობა სახლში გააგრძელა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ სხვა კლინიკას მიმართა, სადაც ფილტვების მწვავე ანთების დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც გარდაცვლილის ახლობელი ყვება, რადგან კორონავირუსი არ ჰქონდა დადასტურებული, ექიმმა კაკოიშვილს ანტიბიოტიკები დაუნიშნა. ბერიძის თქმით, ანტიბიოტიკების მიღებიდან 2 დღის შემდეგ კაკოშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და “რუსთავის კლინიკაში” გადაიყვანეს. კაკოშვილი “რუსთავის კლინიკაში” მიყვანიდან 6 დღეში გარდაიცვალა.

“გიორგის თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, არაფერი სჭირდა, ექიმთან მისული ამ დრომდე არ მინახავს. არც სიგარეტს ეწეოდა და ჯანსაღად ცხოვრობდა”, – ამბობს ბერიძე.

“რუსთავის კლინიკის” ექიმის განმარტებით, კაკოშვილი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში, ფილტვების მძიმე დაზიანებით მიიყვანეს:

“ჩვენთან ჩატარებული ტესტირებით დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია, მდგომარეობა იყო კრიტიკული. ფილტვების დაზიანება იყო თითქმის 100%. პაციენტი თავიდანვე გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. მკურნალობა შეთანხმებული იყო კლინიკურ ჯგუფთან, რომელიც მართავს კოვიდ ინფექციას საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მანამდე ჩვენს კლინიკაში არ ყოფილა. როგორც ვიცი, ოჯახის ექიმთან იყო სხვაგან. მე ვერ ვიტყვი, დაგვიანებით იყო თუ არა მკურნალობა. ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ტესტმა შესაძლებელია აჩვენოს უარყოფითი, მერე გადამოწმდეს და აჩვენოს დადებითი”, – განმარტა ჟურნალისტებთან საუბრისას “რუსთავის კლინიკის” ექიმმა.

29 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, კაკოშვილი სტაციონარში 5 დეკემბერს შეიყვანეს, თუმცა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა:

“ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები მის მდგომარეობას სტაციონარში მოთავსებიდანვე აფასებდნენ მძიმედ. ექიმები 8 დღის განმავლობაში ცდილობდნენ ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ, სამწუხაროდ, სასიკეთო შედეგებით ეს ვერ დამთავრდა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კლინიკას, რომელსაც გიორგი კაკოშვილმა თავდაპირველად მიმართა. კლინიკის დირექტორის მოადგილის, რუსუდან ადამიას განმარტებით, მას ანტიგენის ტესტი 7 დეკემბერს ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამის შემდეგ კი კლინიკაშივე გასინჯა ექიმმა, რომელმაც ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვა.

“პაციენტმა 5 დეკემებრს მიმართა ონლაინ კლინიკას და ესაუბრა თავისი სადაზღვევო კომპანიის ექიმს. ამის შემდეგ მოვიდა კლინიკაში, გასინჯა სადაზღვევო კომპანიის ექიმმა და აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ტემპერატურა, თუ არ ვცდები 37.8, და ურჩია სწრაფი ტესტის ჩატარება. ტესტი პაციენტმა გაიკეთა 7 დეკემბერს, რომლის პასუხიც იყო უარყოფითი. ტესტის ჩატარების შემდეგ გასინჯა ექიმმა. რადგან პაციენტს ჰქონდა ხველა და არ დაუდასტურდა კოროანვირუსი, ექიმმა საერთო ანალიზი მაინც გაუკეთა, რომლის პასუხების წასაღებადაც პაციენტი აღარ მოსულა. თუმცა ანალიზებში იყო გარკვეული ცვლილებები, რატომაც ექიმმა საჭიროად ჩათვალა PCR კვლევის ჩატარებაც, მაგრამ პაციენტს თავად აღარ მოუმართავს. როგორც ვიცი, ექიმი ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ვერ მოახერხა”, – განმარტა ადამიამ.

მისი თქმით, კლინიკის ექიმს გიორგი კაკოშვილისთვის დანიშნულება არ მიუცია და არც მკურნალობა დაუნიშნავს.

2000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი