საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალი თავმჯდომარე ვერ იარჩია.
გუშინ, 17 დეკემბერს, საიას გამგეობის სხდომა ჩატარდა, რომელზეც საიას ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი განიხილებოდა. ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობა თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას დამსწრეთა უმრავლესობით იღებს.
“გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დამსწრეთა ხმების უმრავლესობა, გამგეობამ ამ სხდომაზე ვერ აირჩია ახალი თავმჯდომარე. გამგეობის შემდეგი სხდომა ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართება ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული წესით”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც ნეტგაზეთს საიაში განუცხადეს, დასახელებულ კანდიდატებს შორის იყვნენ ვახუშტი მენაბდე, ნათია კაპანაძე, მიხეილ ჯახუა და გვანცა საკანელაშვილი.
მათივე ინფორმაციით, საიას გამგეობის შემდეგი სხდომა უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გაიმართება.
საიას ამჟამინდელი თავმჯდომარე სულხან სალაძეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.