ახალი ამბები

კალაძემ თბილისის მთავარი ნაძვის ხე აანთო [ფოტო]

17 დეკემბერი, 2020 • 4019
კალაძემ თბილისის მთავარი ნაძვის ხე აანთო [ფოტო]

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან თბილისის მთავარი ნაძვის ხე მაყურებლების გარეშე აანთო.

“მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არა მარტო ზეიმი, არამედ გამოწვევაა.

“პირველად ცხოვრებაში და, იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო — არ მოგესმათ, ჩვენ ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას. საახალწლო განათებები და ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმი, არამედ — გამოწვევა, არ შეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო. წელს თბილისს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა გადაგვალახინებს სტრესს, რაც პანდემიის დროს გვაქვს. კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და კოვიდ-19-ის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ამ წელს ახალი წლის ღონისძიებათა მთავარი თემა სოლიდარობა იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებებს, კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებათა მხოლოდ გარკვეული ნაწილი იგეგემება. წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, ის თანხები კი, რაც სოფელზე უნდა დახარჯულიყო, კალაძის თქმით, იმ ადამიანებს მოხმარდება, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთავარი კონცერტი 31 დეკემბერს გაიმართება, რომელსაც მაყურებელი ვერ დაესწრება და მას პირდაპირ ეთერში გადასცემენ. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ანსამბლები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები.

„სცენაზე ძირითადად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი საახალწლოდ მოწყობილი ფანჯრებიდან, აივნებიან და ტერასებიდან. ჩართვებში ასევე გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის საყვარელი და ცნობილი ადამიანები“, – ამბობს ის და დასძენს, რომ კონცერტები ასევე გაიმართება 6 და 14 იანვარს.

ამ თემაზე:

თბილისის მერია 491 ათასის დახარჯვას გეგმავს უმაყურებლო საახალწლო კონცერტში

მასალების გადაბეჭდვის წესი