ახალი ამბები

საბანკო ანგარიშებიდან მოტყუებით ფულის მოპარვის ბარლდებით 3 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს

17 დეკემბერი, 2020 • 1370
საბანკო ანგარიშებიდან მოტყუებით ფულის მოპარვის ბარლდებით 3 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარებით ჩადენილი, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ერთი არასრულწლოვანი კი ამხილეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ე.წ. ფიშინგის მეშვეობით მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან, ჯამში, 72 500 ლარი მიითვისეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი – ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. ის ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ საკუთარი ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა [ბრალდებულისთვის]. აღნიშნული მონაცემების საშუალებით, [ბრალდებული] მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა.

ბრალდებულმა გ.ა-მ, აღნიშნულ დანაშაულში ასევე სხვა ბრალდებულ პირებს – ო. ა-ს და ბ. ა-ს, გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ, ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირებინა, საიდანაც შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს.

ბრალდებულები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, ჯამში, 72 500 ლარს”, -წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში  6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი