ახალი ამბები

რის გამო იხდის ბოდიშს ქიბარ ხალვაში

16 დეკემბერი, 2020 • 6123
რის გამო იხდის ბოდიშს ქიბარ ხალვაში

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელმა ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის ბოდიშს იხდის. ბიზნესმენი სტატუსში არ აკონკრეტებს, ვის ან რას ეხებოდა მისი ბოდიში, თუმცა სტატუსი დროში დაემთხვა, დეპუტატის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ეთერს რ2-ზე და მის პოლემიკას არხის წამყვანებთან.

რა მოხდა?

„თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ“, – უთხრა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს პირდაპირ ეთერში.

„რუსთავი 2“ ეკუთვნოდა ქართველ ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს. ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის სადარაჯოზე“, – უთხრა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს, ირაკლი იმნაიშვილსა და თამარ ურუშაძეს.

წულუკიანმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტებმა ყოფილ მინისტრს განმარტება სთხოვეს „რუსთავი 2-ის“ ყოფილ დირექტორზე, „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე გაკეთებული განცხადების გამო და უთხრეს, რომ თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება აქვთ.

[წინა დღით წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნათქვამზე, რომ უთვალთვალებენ, განაცხადა: „მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული“?]

„კეთილი ინებეთ და ნუ აღშფოთდებით ხოლმე იმიტომ, რომ გვარამია აღშფოთდება“, – უთხრა წულუკიანმა ერთ-ერთ წამყვანს, თამარ ურუშაძეს.

მისი თქმით, არასწორია ლოგიკა, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს შეტევა და ამაზე ხმას არავინ იღებს, ხოლო გვარამიას მიმართულებით “დაცინვით” ნათქვამ “რომანტიულ” სიტყვას აღშფოთება მოჰყვა.

პირდაპირ ეთერში „არხის დაბრუნების“ შესახებ წულუკიანის კომენტარის შემდეგ ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა წულუკიანს უთხრა, რომ არხი ახლანდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გდააწყვეტილებით დაუბრუნდა. ამის პასუხად კი წულუკიანმა თქვა:

„უი, რას ამბობთ. კარგით, არ გვინდა ახლა თავიდან ჩხუბი. ჩვენ კი არ დაგიბრუნეთ, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „რუსთავი 2-ის“ ხალვაშისთვის დაბრუნება არის „ქართულ მედიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროპის სასამართლოს გადაყვეტილებით დაუბრუნდა მედიამფლობელს“, წულუკიანმა განაცხადა:

„კი ბატონო, შევთანხმდეთ, „ქართულ ოცნებას“ ამ დროს ეძინა. კი ბატონო, შევთანხმდით. „ქართულ ოცნებას“ და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინათ და კანონიერება თავისით აღდგა ამ საქმეზე. ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ გქონდეთ“.

ხალვაშის ბოდიში

ქიბარ ხალვაშს ნეტგაზეთმა სთხოვა დაეკონკრეტებინა, რის გამო იხდის ბოდიშს და უკავშირდება თუ არა მისი ეს სტატუსი წულუკიანის გუშინდელ ეთერს?

“პირობა მაქვს დადებული, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩავერევი. განმარტება პირობის დარღვევა იქნება. That’s it! როგორც დიდი თემური ამბობს”, – მოგვწერა ქიბარ ხალვაშმა.

ნეტგაზეთმა რ2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელსა და “ღამის კურიერის’ ერთ-ერთ წამყვან ირაკლი იმნაიშვილსაც გაუგზავნა შეკითხვები, ჩვენ მათ შორის გვაინტერესებდა, თეა წულუკიანთან გუშინდელ ეთერს ხომ არ მოჰყოლია რაიმე გაგრძელება რ2-ის შიგნით, ხომ არ მიუღიათ ჟურნალისტებს რაიმე ტიპის შენიშვნა, ხომ არ შედგა რაიმე საუბარი მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის და ხომ არ დაუზუსტებია მას ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის კონტექსტი. იმნაიშვილს ჩვენი შეკითხვებისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია.

გამოხმაურებები

მოგვიანებით ამ ეთერს რ2-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და ფეისბუკზე დაწერა: „წლები რომ იძახდნენ, ჩვეულებრივი დავაა ორ სუბიექტს შორის, ჩვენ რა შუაში ვართო, ისტერიკა დამართულმა წულუკიანმა, ხო არ გეჩვენებათ, რომ ვინმემ დაგიბრუნათ რ2, თუ არა ქართულმა ოცნებამო და იუსტიციის სამინისტროს ლომის წილი აქვს ამაშიო“.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ასევე დაწერა, რომ „სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს პასუხის გაცემა, როგორ, რატომ და რა ფორმით ჩარია უკანონოდ ორ სუბიექტს შორის დავაში მესამე დაინტერესებული მხარე“.

განცხადება გაავრცელა რ2-ის მოქმედმა დირექტორმა პაატა სალიამ. მისი თქმით, რ2-თან დაკავშირებული დავა მიმდინარეობდა 2 კერძო სუბიექტს, ქირბარ ხალვაშსა და ძმებ ყარამანიშვილებს შორის და ამ კერძო დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომლის კანონიერებაც შემდგომ უკვე ევროპის ადამაინის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა.

“მას შემდეგ, რაც ყარამანიშვილებმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს [სტრასბურგში], იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იყო ჩართულიყო ამ დავაში და მონაწილეობა მიეღო სტრასბურგის სასამართლოს განხილვებში. რ2-ის სარედაქციო პოლიტიკა არის მიუკერძოებელი, თავისუფალი ნებისმიერი პარტიის გავლენისაგან და, ამავდროულად, რ2 ღიაა ყველაა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის და არ არსებობს არცერთი დახურული თემა”, – განაცხადა სალიამ.

ამავე თემაზე გირჩევთ

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი