ახალი ამბები

“სოლიდარობა აფრიკის დასახლებას” – თბილისის მერიასთან აქცია იმართება

16 დეკემბერი, 2020 •
“სოლიდარობა აფრიკის დასახლებას” – თბილისის მერიასთან აქცია იმართება

თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრებთა სოლიდარობის აქცია იმართება. აქცია უკავშირდება გუშინ, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადგილობრივების სახლების დანგრევას. აქტივისტები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

აქციას ერთი კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავს და მასში მონაწილეობენ როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი ძირითადი მოთხოვნებია, რომ “შეწყდეს ხალხის სახლების ნგრევა”, “დანგრევის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები უზრუნველყონ ადეკვატური ალეტრნატიული საცხოვრისით” და “გაიყვანონ გზა, წყალი და ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნიკაციები იქ მაცხოვრებელი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის”.

დღეს, 16 ნოემბერს, აქცია გაიმართა სამგორის გამგეობასთანაც, რომლის ორგანიზატორი თავად აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები იყვნენ. აქციის მონაწილეები მათ მიერ აშენებული ფართების დაკანონებას, დემონტაჟის პროცესის შეჩერებასა და გუშინ დაკავებული ერთი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდნენ.


15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

 

“სახელმწიფოს მათთვის არ სცალია” – ინტერვიუ ბავშვებზე აფრიკის დასახლებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი