აფრიკის დასახლების მცხოვრებლები სამგორის გამგეობის შენობის წინ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მათ მიერ აშენებული ფართების დაკანონებას, დემონტაჟის პროცესის შეჩერებასა და გუშინ დაკავებული ერთი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ.
“გუშინ 11 დაკავებული გაათავისუფლეს, ერთს კი პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. პოლიციელები ერთმანეთს უდგებიან მოწმეებად და ცრუობენ”, – აცხადებს ვალერი სოლომნიშვილი.
“მოვითხოვთ, რომ ჩვენს აშენებულს ჩვენი ერქვას. მით უმეტეს, ამ ზამთრისა და პანდემიის დროს”, – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს “მწვანეებმა”. გიორგი ფცქიალაძის განცხადებით, მოქალაქეების სახლების დანგრევა არის ამორალური და, ამავდროულად, უკანონოც.
“სიცივესა და პანდემიაში ამ ადამიანების შენობების დანგრევა არის ამორალური. სახლემწიფოს საკუთარ ვალდებულებად არ მიაჩნია, მოქალაქეები უზრუნველყოს საცხოვრისით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ადამიანებმა საკუთარი შრომით ააშენეს თავშესაფარი, რომელიც ნამდვილად არ არის აგარაკი და რომლის დანგრევაც არ შეიძლება”, – ამბობს ფცქიალაძე.
აქციას სოლიდარობა გამოუცხადა ლეიბორისტულმა პარტიამაც. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დაკავებული მოქალაქე მხოლოდ თავს იცავდა, თავდაცვა კი დანაშაული არ არის.
“ადამიანი საკუთარ თავს და მეზობლებს იცავდა და ეს არ არის დანაშაული, ამიტომ იგი უნდა გათავისუფლდეს. ასევე მოვითხოვთ, რომ იმ ადამიანებს რომელთა შენობებიც დაანგრიეს, ახალი სახლები აუშენონ და არ გაიყვანონ ქირით”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა. აქციაზე მოვიდა დაკავებულის მამაც, თუმცა მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. სამგორის გამგეობის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია.