ახალი ამბები

არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო – კალაძე

15 დეკემბერი, 2020 • 982
არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიამ სამგორში, აფრიკის დასახლებაში დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების ნგრევა დაიწყო. მისივე მტკიცებით, ინსპექტირების შედეგად ქალაქის მთავრობამ სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობის  12 ფაქტი გამოავლინა და გაფრთხილების მიუხედავად მოქალაქეებმა შენობები თავად არ დაანგრიეს. აქედან გამომდინარე, შენობების დემონტაჟი მუნიციპალურ ინსპექციას თავად მოუწია.

“ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ამაზე ყველა ვთანხმდებით. ვიცით, რომ გვყვავს ბევრი ადამიანი, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა, თუმცა ეს ადამიანები პატივს სცემენ კანონს, შეზღუდვებს, რეგულაციებს,  ყველაფერ იმას, რაზეც დგას სახელმწიფო. რომ არა კანონის პატივისცემა, დღეს ყველა ეს ადამიანი შეძლებდა, სახლი უკანონოდ აეშენებინა, ხოლო შემდეგ ეთქვა, რომ ეს მისი საკუთრებაა და არ უნდა შევეხოთ. ეს უსამართლობაა და არცერთი კანონმორჩილი მოქალაქე მსგავს უკანონობას არ დაეთანხმება. კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება-მოპარვა წახალისებული ვერ და არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩემი მერობის პირობებში”,-აცხადებს კალაძე.

თბილისის მერმა ასევე თქვა, რომ მათი ინფორმაციით, ზოგიერთი პირი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალქეებს უკანონო მშენებლობისკენ უბიძგებს და მერია აპირებს, საქმის მოკვლევის მიზნით, შესაბამის უწყებებს მიმართოს. კახა კალაძის თქმითვე, სახელმწიფოს თავად უწევს უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი, რადგან სხვაგვარად მშენებლობის პროცესს ვერ აჩერებენ.

“ასევე გვინდა გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ სამარცხვინო, ცილისმწამებლურ, მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებას, თითქოს, მერიამ ხალხი დასრულებული სახლებიდან გამოიყვანა. ხაზს ვუსვამ, ისინი აცხადებენ, რომ თითქოს ჩვენ ხალხი დასრულებული სახლებიდან გამოვყარეთ და ღია ცის ქვეშ დავტოვეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო. ისინი იყო მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები დაშვებული არ იყოს და თუ სადმე ასეთი ქმედება იქნება, რა თქმა უნდა, ეს უნდა აღიკვეთოს”,-აცხადებს კალაძე.

აფრიკის დასახლებაში დღეს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციის დახმარებით შენობები დაანგრია. მერიის განცხადებით, მოქალაქეებს უკანონოდ ჰქონდათ აშენებული შენობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე. საცხოვრისების მშენებლობა ადგილობრივებმა გააპროტესტეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს 10-მდე ადამიანი.

ბეჭებს ვერ ვგრძნობ, ისე მირტყეს – აფრიკის დასახლების მცხოვრები

მასალების გადაბეჭდვის წესი