ახალი ამბები

ბეჭებს ვერ ვგრძნობ, ისე მირტყეს – აფრიკის დასახლების მცხოვრები

15 დეკემბერი, 2020 • 2058
ბეჭებს ვერ ვგრძნობ, ისე მირტყეს – აფრიკის დასახლების მცხოვრები

ერთ-ერთი ქალი, რომელიც აფრიკის დასახლებაში ცხოვრობს, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ზედამხედვლობის სამსახური მძიმე ტექნიკასთან ერთად მოულოდნელად მოვიდა. შემდეგ კი მას პოლიციელებმა სცემეს

„ჩემს შვილებს საჭმელი არ აქვთ. სამჯერ დამარტყეს, ბეჭებს ვერ ვგრძნობ, ისე მირტყეს“, – ამბობს ქალი.

ის ყვება, რომ დღეს ზედამხედველობის სამსახურს მისი სახლი არ დაუნგრევია, თუმცა ელოდება, რომ ამას უახლოეს მომავალში იზამს:

„დღეს ამათთან მივიდნენ, ხვალ ჩემთან მოვლენ, ონკოლოგიური შვილი მყავს, შშმ პირი მყავს [ოჯახში] და მე რამე უნდა მითხრან?! ყველა ასე ვართ, გაჭირვებულები. დღეს ყველა ერთი ვართ, დღეს ამათ, ხვალ ჩემთან მოვლენ, ზეგ კიდევ სხვასთან. რა აზრი აქვს, ვისია?!.

არავინ არაფერი იცოდა, მოულოდნელად დაგვადგნენ და გვინგრევდნენ. ეს სისხლით და ოფლით გვაქვს აშენებული, ბანკის ვალით“, – ამბობს ქალი ჟურნალისტებთან.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ტექნიკა აქვს მობილიზებული. შენობების დანგრევას წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს “დატაცებული მიწებია”.

რამდენიმე საათის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ თბილისის მერის დავალებით, ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს.

ინსპექციამ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ინსპექტირების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს დაიწყო მოკვლევა. მოკვლევის შედეგად კი დაადგინეს, რომ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი