ახალი ამბები

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 6 თვით გაუხანგრძლივდება

15 დეკემბერი, 2020 • 1354
მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 6 თვით გაუხანგრძლივდება

საქართველოს პარლამენტი გეგმავს, 6 თვით გაახანგრძლივოს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონის ნორმები, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილებას აძლევს.

შესაბამისი კანონპროექტის ინიცირების შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობას იზოლაციის და კარანტინის წესის დადგენისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შესაბამისი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება პირველ იანვრამდე აქვს. მიუხედავად ამისა, მთავრობას უკვე დაანონსებული აქვს შეზღუდვები 31 იანვრის ჩათვლით.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონმა მთავრობას პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა მისცა.

“სწორედ ამ კანონმა მისცა სახელმწიფოს საშუალება, კიდევ უფრო დიდი, შესაძლო ზიანი თავიდან აეცილებინა. იმედი გვაქვს, რომ შემდგომში ამ კანონის მოქმედების ვადის გახანგძლივება აღარ მოგვიწევს, რადგან ექვსი თვე არის ის გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ამავდროულად კი, წერტილოვანი შეზღუდვებით დაინფიცირების შემთხვევების მინიმიზაციას შევძლებთ და შევაჩერებთ ვირუსის გავრცელების მზარდ ნეგატიურ ტენდენციას”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონის ვადის გაგრძელება ავტომატურად არ ნიშნავს შეზღუდვების გაგრძელებას და გამკაცრებას.

“კანონის ვადის გაგრძელება აძლევს საშუალებას მთავრობას, რომ ეს კრიზისი მართოს ეფექტურად და შესაძლო რისკები ააცილოს ქვეყანას და საზოგადოებას“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი