ახალი ამბები

მთავრობას დეკემბრის შემდეგ დაანონსებული შეზღუდვების დაწესების უფლება არ აქვს

26 ნოემბერი, 2020 • 1269
მთავრობას  დეკემბრის შემდეგ დაანონსებული შეზღუდვების დაწესების უფლება არ აქვს

საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების გამკაცრება და გაფართოება დააანონსა, თუმცა უფლება არა აქვს დააწესოს შეზღუდვები პირველი იანვრის შემდეგ.


დაგეგმილი შეზღუდვებით, რომელიც 26 ნოემბერს გახდა ცნობილი, ფაქტობრივი “კომენდანტის საათის” მოქმედების დრო  ერთი საათით იზრდება და  გადაადგილება შეზღუდული  იქნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ჩერდება რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა ქვეყნის მასშტაბით და მუნიციპალური ტრანსპორტი დიდ ქალაქებში. ასევე, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე, იხურება ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები, შეზღუდულია სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა, ხოლო ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. დიდ ქალაქებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას. წესდება სხვა შეზღუდვებიც.

მთავრობის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება 24 დეკემბრისა და 2 იანვრის პერიოდში, ხოლო 3 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ისევ განახლდება და არ იმუშავებენ საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ამ გადაწყვეტილებების შესაბამისი სამართლებრივი აქტები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობას აქვს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დადგენისა და შესაბამისი შეზღუდვების დროებით, პირველ იანვრამდე, დაწესების უფლებამოსილება.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობას არ აქვს დაანონსებული შეზღუდვების დაწესების სამართლებრივი საფუძველი პირველი იანვრის შემდეგ. იურისტ ლევან ალაფიშვილის განმარტებით, პირველი იანვრიდან შემზღუდავი ღონისძიებების დასაწესებლად 2 სამართლებრივი გზა არსებობს და მხოლოდ მთავრობის დადგენილების ან განკარგულების საფუძველზე ეს საკითხი ვერ დარეგულირდება.

“დოკუმენტი, რის საფუძველზე აცხადებს მთავრობა ახალ შეზღუდვებს, ჯერ არ გვინახავს. სავარაუდოა, რომ მთავრობა ორ შესაძლო სამართლებრივ გადაწყვეტას დააფუძნებს ამ ღონისძიებების.

ერთი შეიძლება იყოს, რომ იმავე კანონში შევიდეს ცვლილება და ვადა გაგრძელდეს, ანუ ახალარჩეულმა პარლამენტმა, რომელიც ახალ წლამდე უნდა შეიკრიბოს, განიხილოს კანონში ცვლილებები. როდესაც [მთავრობის] უფლებამოსილება კანონით ვადით არის შეზღუდული, მთავრობა ვერ მიითვისებს ძალაუფლებას თუ საკანონმდებლო ორგანომ არ მიანიჭა. ასე რომ, მთავრობის დადგენილების შემთხვევაში იქნება დათქმა ან დაშვება, რომ დადგენილების სამართლებრივი გაფორმება მოხდება მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონში ცვლილებას შეიტანს. მეორე ვარიანტი, რაც ნაკლებ სავარაუდო მგონია, არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შესაბამისი ზომების გატარება. დღეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლევან ალაფიშვილმა.

მთავრობა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობის აღდგენას (გარდა შაბათ-კვირისა) 16-დან 31 იანვრის პერიოდში გეგმავს.

პრემიერის გათვლით, ახალ შეზღუდვები, იმ 5%-იანი ეკონომიკური ვარდნის პროგნოზის გარდა, რომელიც მთავრობას აქვს, დამატებით მხოლოდ 0.7-0,8%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევს.

“ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ 2 თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი”,  – ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი