ახალი ამბები

ბათუმში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

15 დეკემბერი, 2020 • 752
ბათუმში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

დღეს, 15 დეკემბერს, დილიდან ბათუმში პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს.

„ბათუმელები“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრებიდან უკვე დააკავეს მზია ქედელიძე, ხათუნა ბერიძე, ანა კონცელიძე და ნუგზარ ხოზრევანიძე. „ბათუმელებისთვის“ უცნობია სხვა სამი დაკავებულის ვინაობა. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია აქციის 7 მონაწილე.

სტიკერებზე, რომლის გაკვრასაც აქციის მონაწილეები ცდილობენ, წერია – „მონობა ტეხავს“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი კითხვაზე, რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები, აცხადებს – „იგივე ქმედება“. სხვა დაკავებების შემთხვევაში ირაკლი ჭედიშვილი აცხადებდა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებიან.

უმაღლესი საბჭო მუშაობას ჯერ კიდე აგრძელებს, სადაც მხოლოდ 14 დეპუტატი შევიდა „ქართული ოცნებიდან“.

დღეს ბათუმში მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭო შეიკრიბა, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ისინი უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი