ახალი ამბები

ვაშაძის კრიტიკა ნაკარნახევი იყო არა ვიწროპარტიულით, არამედ იმით, რა სჯობს ქვეყნისთვის — წულუკიანი

15 დეკემბერი, 2020 • 1127
ვაშაძის კრიტიკა ნაკარნახევი იყო არა ვიწროპარტიულით, არამედ იმით, რა სჯობს ქვეყნისთვის — წულუკიანი

“ქართული ოცნების” წევრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის დატოვების შესახებ არ გაკვირვებია.

წულუკიანის თქმით, ვაშაძის კრიტიკა ყოველთვის ნაკარნახევი იყო არა ვიწროპარტიული, არამედ ქვეყნისთვის ინტერესით.

“ოპოზიციის წევრებიდან გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და „ქართული ოცნების“ ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა თან ის რაღაც, რაც იშვიათად დამინახავს ოპოზიციის სხვა წევრებში.  იტყოდა ჩემი ყურებისთვის, „ქართული ოცნების“, მოსასმენად ძალიან უსიამოვნო რამეს, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით და ნაკარნახევი, თითქოს უფრო არა ვიწროპარტიულით, არამედ უფრო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო, რაც არ უნდა ის არ მომწონდეს და ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს”, — განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” “პოლიტიკურ ჩიხში მიექანება.

“მისი დღევანდელი განცხადება თავისი შინაარსით და ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე, ამ ოდიოზურ ფიგურებს, ერთ-ერთ მათგანს [ვანო მერაბიშვილს] მე ცხელი კარტოფილი დავარქვი, როცა მან ციხე დატოვა და რატომღაც მჯეროდა, რომ ეს ის ცხელი კარტოფილი იყო, რომელსაც გონიერი პოლიტიკური ძალა ახლოს არ მიიკარებდა და არამხოლოდ მას, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ის ძალებია, რომლებზეც თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ იყო, მათ ეყრდნობოდა და ოპოზიციაშიც ძნელია ისინი თავიდან მოიშორო. რა თქმა უნდა, ისინი ამ პოლიტიკურ ძალას ჩიხისკენ მიაქანებენ და მათ ყველანაირ წარმონაქმნს უკარგავენ პერსპექტივას, რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ”, — განაცხადა წულუკიანმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება.

პარტიის დატოვების მიზეზებს შორის ის ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

როგორც ის წერს, “უაღრესად უძნელდება” აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი