ახალი ამბები

სკანდალის შემდეგ Pornhub-მა ვიდეოების უმრავლესობა წაშალა

15 დეკემბერი, 2020 •
სკანდალის შემდეგ Pornhub-მა ვიდეოების უმრავლესობა წაშალა

პორნოსაიტ  Pornhub-ის ადმინისტრაციამ ატვირთული ვიდეოების უმრავლესობა წაშალა. კერძოდ, საიტიდან აიღეს მომხმარებელთა მიერ ატვირთული არავერიფიცირებული მასალები.

აღნიშნულს წინ უძღოდა გაზეთ New York Times-ის სკანდალური სტატია, რომლის თანახმადაც, საიტი “სავსე იყო” ბავშვზე ძალადობისა და გაუპატიურებასთან დაკავშირებული ვიდეოებით.

ამ ფონზე Pornhub-ს მხარდაჭერა შეუწყვიტა მასტერქარდმა – მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა საგადასახადო პროვაიდერმა.

BBC-ის ცნობით, პორნოსაიტი ამბობს, რომ მის მიერ გატარებული ზომები იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე სხვა რომელიმე სოციალური ქსელისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან საიტზე მხოლოდ ვერიფიცირებული კომპანიები შეძლებენ ვიდეოების ატვირთვას მათივე მოდელების მონაწილეობით.

ამ დრომდე საიტზე არსებული ვიდეოების უმრავლესობა არავერიფიცირებული მომხმარებლების მიერ იყო ატვირთული. ამჟამად ეს მასალები წაშლილია.

ზომების გამკაცრების ფონზე, საიტის ადმინისტრაცია ასევე ამბობს, რომ ის მიზანში ჰყავს ამოღებული ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ არა ვითარების გამოსწორება, არამედ პორნოგრაფიის სრულად აკრძალვა.

სტატია, რომელიც ბოლო მოვლენების მიზეზი გახდა, ჟურნალისტ ნიკოლას კრისტოფს ეკუთვნის. მასალაში არაერთი ისტორიაა მოყოლილი გაუპატიურებისა და ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისა, რომელთაც ამ პროცესის ამსახველი მასალა მოგვიანებით აღმოაჩინეს Pornhub-ზე. გარდა ამისა, საიტზე ატვირთლი იყო ე.წ. შურისძიების მიზნით გავრცელებული ვიდეოები, რომელთა მონაწილეებს სურვილი არ ჰქონიათ, რომ მათი ვიდეოები გასაჯაროებულიყო. როგორც წესი, მსგავს ვიდეოებს ყოფილი პარტნიორები ავრცელებენ შურისძიების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი