“ქართული ოცნების” ახალი სახე, დეპუტატი გიორგი ხელაშვილი გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის გამოკითხვას Twitter-ში ეხმაურება.
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ (DW) რუსულენოვანი სამსახურის რეპორტიორმა 9 დეკემბრის გადაცემაში განაცხადა, რომ გერმანელი გამომძიებლების თანახმად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი „მნიშვნელოვანი მოწმე“ არის საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი. გამოცემის თანახმად, გამომძიებლებმა სასამართლოზე თქვეს, რომ რულოვსი ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას გეგმავდა.
“ჰოლანდიური წარმოშობის ქართველი პოლიტიკოსი სანდრა რულოვსი გერმანული სასამართლოს მიერ გამოიკითხა ჩეჩენ-ქართული წარმოშობის, ტერორიზმში დადანაშაულებილი ზელიმხან ხანგოშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. ტერორიზმში დადანაშაულებული [ხანგოშვილი] მოკლული იქნა იმ დღეს, როდესაც შეხვედრა უნდა შემდგარიყო, შესაბამისად, შეხვედრა არ შედგა”, – წერს ხელაშვილი ტვიტერზე ინგლისურად.
“რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების პოზიციების თანხვედრა…”
“ევროპული საქართველოს” წევრებმა — გიგა ბოკერიამ და გიორგი კანდელაკმა — ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც თქვეს, რომ “ზელიმხან ხანგოშვილის მოხსენიება ტერორისტად რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებებისა და პოზიციების თანხვედრაა”.
ბოკერიას თქმით, ხანგოშვილი იყო საქართველოს პატრიოტი მოქალაქე, რომელიც იყო სახელმწიფოს სამსახურში და საქართველოს პუტინის რუსეთისა და ჯიჰადის ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედებებში ეხმარებოდა. რამდენიმე დღის წინ კი ამ თემასთან დალავსირებით ხელაშვილის მიერ “კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი დაიწერა”.
„”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა, უკვე მთავარმა სპიკერმა ხელაშვილმა მოკლული საქართველოს მოქალაქე მოიხსენია ტერორისტად. ზელიმხან ხანგოშვილს ტერორისტად მოიხსენიებს მხოლოდ რუსეთი. გერმანიის მთავრობასა და პროკურატურას გამოძიების არცერთ ეტაპზე ეს ვერსია არც კი განუხილავს და გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა განახორციელა რუსეთის სახელმწიფომ. ხანგოშვილი თანამშრომლობდა ჩვენს სახელმწიფოსთან, როგორც რუსეთის საჯაშუშო ქსელის წინააღმდეგ ჩვენს ტერიტორიაზე, ისე ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ, და მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობაში პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-თან. ასეთ დამსახურებულ პიროვნებას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მოკლა, საქართველოს აწ უკვე კომუნისტური პარლამენტის წევრი მოიხსენიებს ტერორისტად, — ამაზე უკეთესი მაგალითი თანხვედრისა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებებისა და პოზიციებისა, უბრალოდ, არ არსებობს”, – განაცხადა, თავის მხრივ, გიორგი კანდელაკმა.
“ევროპული საქართველო” ყურადღებას ამახვილებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ გერმანიის ხელისუფლებამ გააძევა რამდენიმე რუსი დიპლომატი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საუბრობს ამ მკვლელობის გამო რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
“ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების ჯიუტი, გამაყრუებელი დუმილი იყო თვალშისაცემი, თუმცა ახლა უკვე, როცა რუსეთის მთავრობის მსგავსად, “ქართული ოცნება” ზელიმხან ხანგოშვილს მოიხსენიებს ტერორისტად, ყველა კითხვის ნიშანი ამ საქმის ირგვლივ, საწუხაროდ, არის მოხსნილი“, – აცხადებს კანდელაკი.
“ევროპული საქართველოს” ბრიფინგის შემდეგ გიორგი ხელაშვილმა მორიგ “ტვიტი” გამოაქვეყნა და ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში ფეიკ ნიუსების ტაქტიკის დანერგვაში დაადანაშაულა.
As evident from the tweet below, I mentioned “alleged terrorist” which is what Russians tried to (falsely, without evidence) accuse the late Khangoshvili of. This is yet another attempt to shamelessly exploit “fake news” tactics for sowing discord in Georgian politics. 2/2
— George Khelashvili (@gkhelash) December 14, 2020
დეპუტატის განმარტება
იმის გასარკვევად, თუ ვის მიერ არის ხანგოშვილი ტერორისტად მოაზრებული, “ნეტგაზეთი” გიორგი ხელაშვილს დაუკავშირდა. დეპუტატმა წერილობით მოგვაწოდა კომენტარი, რომელშიც განმარტა, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ხანგოშვილი მოხსენიებულია, როგორც “დადანაშაულებული ტერორისტი” და ტვიტის ფორმატი ვითარების დეტალური აღწერის საშაულებას არ იძლევა. ამასთან, ხელაშვილი რუსეთის ბრალდებას ხანგოშვილის მიმართ უსაფუძვლოს უწოდებს.
“ჩემ მიერ გამოქვეყნებულ ტვიტში ბატონი ხანგოშვილი მოხსენიებულია როგორც “დადანაშაულებული” ტერორისტი. ტვიტის ინგლისურ ორიგინალში “alleged” ანუ “accused but not proven or convicted”, (“დანაშაულში ბრალდებული, მაგრამ არა დამტკიცებული ან დამნაშავედ ცნობილი” – რედ.) რაც სწორად ასახავს ვითარებას. ბატონ ხანგოშვილს რუსეთი ადანაშაულებს ტერორიზმში რამე საფუძვლის გარეშე. ტვიტის ფორმატი არ იძლეოდა ვითარების უფრო დეტალური აღწერის საშუალებას. შესაბამისად, ჩემი დადანაშაულება ბატონი ხანგოშვილის “ტერორისტად” მოხსენიებაში არის უსინდისო პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც ჩემი და “ქართული ოცნების” დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”, – ამბობს გიორგი ხელაშვილი.
დეპუტატი ამბობს, რომ არ იზიარებს რუსეთის ბრალდებას ზელიმხან ხანგოშვილის მიმართ და არ თვლის, რომ მისი ტვიტის ფორმულირება რამენაირად თანხვედრაშია რუსეთის ფედერაციის პოზიციასთან. კითხვაზე, თუ ასეა, რატომ მოიხსენია ტვიტში ბრალდება, რომელსაც ხანგოშვილს მხოლოდ რუსეთი უყენებს, ხელაშვილი პასუხობს:
“ხანგოშვილის დაღუპვის ერთადერთი ახსნა მის წინააღმდეგ რუსეთის მიზანმიმართული მოქმედებებია და, შესაბამისად, მკვლელობის ჩადენის და გამოძიების მოტივიც აქიდან გამომდინარეობდა. სწორედ ამაშია საქმის პოლიტიკური შემადგენელი, რაზეც აპელირება გავაკეთე. ტვიტერის ფორმატი ვითარების უფრო დეტალური ანალიზის საშუალებას არ იძლეოდა”.
რულოვსი და ხანგოშვილის მოთხოვნა თავშესაფარზე
სანდრა რულოვსმა „გარდიანთან“ საუბარში 2019 წელს თქვა, რომ როდესაც ხანგოშვილი გერმანიას თავშესაფარს სთხოვდა, მან მხარდაჭერის წერილი დაწერა და ხანგოშვილის თხოვნას მხარი დაუჭირა.
ხანგოშვილმა თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და, როგორც თავად ამბობდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
„საქართველოში უშიშროების მხრივ სიტუაციის გაუარესებასთან და რუსული გავლენის ზრდასთან ერთად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი დიდი საფრთხის წინაშე იქნებოდა, თუკი გერმანია უარყოფითად უპასუხებდა მისი და მისი ოჯახის თხოვნას თავშესაფრის მინიჭების შესახებ და უკან გააბრუნებდა“, – ეუბნება რულოვსი „გარდიანს“ 2019 წლის სექტემბრით დათარიღებულ სტატიაში.
რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მოკლეს. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.
გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.
თავდაპირველად ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ მოგვიანებით უკვე ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა. გერმანიის ფედერალური პროკურორის ოფისმა საბრალდებო დასკვნაში დაწერა, რომ 2019 წლის 18 ივლისამდე, დაუდგენელ დროში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სააგენტოებმა ბრალდებულს მისცეს თორნიკე ქ-ს [იგივე ზელიმხან ხანგოშვილის] — ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის ბრძანება. რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილს ტერორისტად მიიჩნევდა და „კავკასიური ემირატის“ წევრობაში სდებდა ბრალს.
ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ვადიმ კ., იგივე ვადიმ სოკოლოვი. რამდენიმე კვირაა, გერმანიაში სასამართლომ მისი საქმის განხილვა დაიწყო. დოიჩე ველეს თანახმად, სწორედ მის სასამართლოზე ისაუბრეს გამომძიებლებმა სანდრა რულოვსის შესახებ.
საქართველოს მთავრობას საკუთარი მოქალაქის მკვლელობის საქმეზე რუსეთთან კონტექსტში პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.
