ახალი ამბები

“როდესაც გაყიდე გარეჯი და მოკალი საოლქოს თავმჯდომარე…” – კობახიძე ოპოზიციაზე

14 დეკემბერი, 2020 • 1427
“როდესაც გაყიდე გარეჯი და მოკალი საოლქოს თავმჯდომარე…” – კობახიძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე ელჩების შუამავლობით მიმდინარე დიალოგის ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა გაუქმდა. მომლაპარაკებლებს შეხვედრის გაუქმების მიზეზები არ განუმარტავთ, ოპოზიციამ კი “მოლაპარკების მაგიდის აყირავებაში” ირაკლი კობახიძე დაადანაშაულა, რომელმაც დიალოგის პარალელურად ენმ-ის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივა წამოაყენა. თავად კობახიძე ამბობს, რომ ელჩებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მისწერეს, რომ 10 დეკემბერს მოლაპარაკებებზე მისვლა არ უნდოდათ. კობახიძემ “რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების” მიერ დიპლომატების შეურაცხყოფის შესახებ ისაუბრა.

“ოპოზიცია ადრე თავს გვჭრიდა რაიონული მასშტაბით და ახლა გვჭრის მსოფლიო მასშტაბით, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები „ტყვეებით ვაჭრობენ“. მათ თვითონ მოიტანეს მოლაპარაკების მაგიდასთან ეს [პატიმრების გათავისუფლება] საკითხი და შემდეგ დააბრალეს ელჩებს, თითქოს მათი შემოტანილი იყო. ამ საკითხის შემოტანაც მათი მხრიდან სამარცხვინოა.

როდესაც შენ გაქვს გაყიდული დავითგარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, და მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის სამარცხვინო და მერე მეგობარ ელჩებს აბრალებ… ასეთი ოპოზიციის ადგილი ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, როგორც საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხზე ბრალდებულების — ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის, ისე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის საქმეზე ბრალდებულების – აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარი არ არის. გარდა ამისა, ხუსკივაძისა და კობალაძისთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს ქრთამის მიღებას, მუქარასა და იძულებას. უშუალოდ გობეჯიშვილის სიკდვილთან დაკავშირებით მათ ბრალი არ აქვთ წარდგენილი.

ისნის საოლქოს თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი