ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

“ვისი ინიციატივით გადაიდო, ამას ვერ გეტყვით, ჩვენი ინიციატივით არ გადადებულა. თუმცა ირაკლი კობახიძემ გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც შანტაჟითა და მუქარით ოპოზიციის მიმართ მოლაპარკების მაგიდა ააყირავა, ბუნებრივიც იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა. დღეს რაზე უნდა უნდა მივსულიყავით სალაპარაკოდ, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობა”, როდესაც “ქართული ოცნება” პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება”, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინ “ქართულმა ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა და მმართველი გუნდის ინიციატივები გაახმოვანა, რომლის თანახმადაც:

  1. სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.
  2. პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირებას მოახდენს.
  3. საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადებები მათი დაშანტაჟების მცდელობაა და ბოლო რაუნდის წინ მოლაპარაკებების ჩაშლას ემსახურება.

უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მომავალ კვირაში გაგრძელდება, თუმცა, “სულ სხვა სტატუსით”, ვინაიდან ხვალ, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტი იკრიბება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ დღეს შეხვედრა არ გაიმართება, თუმცა, ვისი ინიციატივით, რა დრომდე და რა მიზეზით გადაიდო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, არ აკონკრეტებენ. ნეტგაზეთი ცდილობს “ქართული ოცნების” პრესსამსახურთან დაკავშირებას.