ახალი ამბები

ნათელაშვილმა პარლამენტს მანდატზე უარის განცხადებით მიმართა

14 დეკემბერი, 2020 • 814
ნათელაშვილმა პარლამენტს მანდატზე უარის განცხადებით მიმართა

“ლეიბორისტურლი პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა და თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების შეთანხმების შესაბამისად, პარლამენტში შესვლას არ აპირებს:

“ოპოზიციაში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიწყვეტ სადეპუტატო უფლებამოსილებას და ვდებ ამ მანდატს ქართველი ხალხის წინაშე. მანდატიც, პარლამენტიც, ძალაუფლებაც, ეროვნული სიმდიდრეებიც ეკუთვნის ჩვენს ხალხს და მისი მითვისების უფლება არავის გააჩნია. ჩვენ უარს ვამბობთ ხელფასებზე, პრემიერებზე, კაბინეტებზე, ავტომანქანებზე, “სტაფერებზე” და ყველა იმ პრივილეგიებზე, რომელიც აქ, პარლამენტში შეპარულ “ქართუ ბანკის” ივანიშვილისეულ ხროვას არ ეკუთვნის, რადგან მათ მიიტაცეს ძალაუფლება და მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია.”

ნათელაშვილმა პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით დღეს, 14 დეკემბერს მიმართა. ამ დროისთვის არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ვინაიდან არ ენდობიან კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს. აქედან გამომდინარე, ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი