ნეტგაზეთი | “გელათში ტაძრის გადახურვის საუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა” – სააგენტო “გელათში ტაძრის გადახურვის საუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა” – სააგენტო – Netgazeti
RU | GE  

“გელათში ტაძრის გადახურვის საუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა” – სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათის მონასტერში ტაძარზე გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, გამოვლენილმა ხარვეზებმა ნათლად აჩვენა, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და კომიტეტის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს.

სააგენტოში ამბობენ, რომ ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვის რეაბილიტაციას სხვადასხვა ეტაპზე აფინანსებდა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (2013-2018) და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (2018-2019). ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობის“ შემუშავებული პროექტის მიხედვით კი, ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე 2013 – 2019 წლებში გელათის კომპლექსური რეაბილიტაცია განხორციელდა ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ.

რაც შეეხება ეროვნულ სააგენტოს, მას პროცესში ეკისრებოდა შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებისა და საველე მისიების მეშვეობით სამუშოების გაცემულ სანებართვო პირობებთან შესაბამისობის კონტროლი.

სააგენტოში აცხადებენ, რომ 2020 წლის თებერვალში შესული ინფორმაციის საფუძველზე, მარტში განხორციელებული საველე მისიის შემდეგ, ეროვნულმა სააგენტომ, დარგის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, კედლის მხატვრობის არსებული მდგომარეობის, დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და აქტივიზაციის მექანიზმის კვლევის მიზნით, მონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც:

  • ჩატარდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და სამხრეთ კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობების მდგომარეობის ანალიზი; განისაზღვრა ისტორიულად დაზიანებული და აქტიური დაზიანების მქონე არეები; აღინუსხა დაზიანების ტიპები და განისაზღვრა დაზიანების აქტივიზაცის პროცესი;
  • შესწავლილ იქნა ფასადებისა და ინტერიერის მდგომარეობა და დადგინდა მათ შორის ურთიერთკავშირი;
  • გამოვლინდა 2013-2019 წლებში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად მოწყობილ გადახურვებზე 2020 წელს დაფიქსირებული ხარვეზების შედეგად კედლის მხატვრობის დაზიანებული მონაკვეთები;

სააგენტოს თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ფრაგმენტის მდგომარეობის მონიტორინგი, მათ შორის გამომარილებულ მონაკვეთებზე მარილის ნაწილობრივი მოხსნა.

2020 წლის 15 ივლისის მდგომარეობით, სააგენტოში აცხადებენ, რომ განხორციელდა მათი სპეციალისტებისა და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით მონიტორინგის ოთხი მისია და შემუშავდა შესაბამისი ანგარიშები/რეკომენდაციები, რომელთა შესაბამისად, შემსრულებელ კომპანიას განესაზღვრა გამოსასწორებელი ღონისძიებები და მათი ხარისხიანი და დროული შესრულების მიზნით, ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში ახდენს პროცესის მონიტორინგს:

“შედეგად, შემსრულებლის მხრიდან აღებული პასუხისმგებლობის შესრულებისათვის არაეფექტური ნაბიჯების გადადგმის გამო და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების დაჩქარების მიზნით, 2020 წლის პირველ ივლისს შემსრულებელს ოფიციალური გაფრთხილება მიეცა, რომლის პირობების დარღვევის შემთხვევაში ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყენებულ იქნება მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი. ეროვნული სააგენტოს დონეზე გრძელდება გეგმური მონიტორინგი და გამოსასწორებელ ღონისძიებებზე ზედამხედველობა” ,- აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება სახურავზე აღმოჩენილ ხარვეზებს, სააგენტოში აცხადებენ, რომ 2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით დადგინდა, რომ ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა და არ არის გათვალისწინებული -კირ-დურაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თქმით, აღნიშნული კრამიტი საკურთხევლის გადასახურად გამოყენებულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2018-2019 წლებში დაფინანსებული პროექტის – “გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციიას”  და  აშშ-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში :

“ცნობილია, რომ კრამიტის დამზადებამდე, შემსრულებელმა კომპანიამ ჩაატარა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც დამკვეთთან (მგფ) შეთანხმდა კრამიტის კონკრეტული მწარმოებელი და დამზადების ტექნოლოგია. აღნიშნულ პროცესში, სამწუხაროდ, ეროვნული სააგენტო არ ყოფილა ჩართული. რეაბილიტაციის პროცესში კრამიტის მწარმოებლის ცვლილებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა ეროვნულ სააგენტოს. ცვლილების მიზეზად კი დასახელდა პროექტის მოკლე ვადები და აღინიშნა, რომ მწარმოებლის შეცვლის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იქნებოდა მასალის მაღალი ხარისხი”, – აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის თებერვალში შესული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული საველე მისიის შედეგად გადახურვებთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება მოახდინეს და შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები განსაზღვრეს.

მათი თქმით, დაფიქსირებული ხარვეზები უკავშირდებოდა “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ 2016 წელს შესრულებულ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დასავლეთის მკლავის გადახურვის მოწყობის სამუშაოებს და 2018-19 წლებში შესრულებულ ტაძრის ეკვდერების გადახურვას, შესაბამისად, მათი აღმოფხვრა დააკისრეს სამუშაოების განმახორციელებელს – “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს”:

“პრობლემის გამოვლენისთანავე, ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის მარტში მოითხოვა აღნიშნულ კრამიტთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორება და კრამიტის გადახურვის შეცვლა, რაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულების სავალდებულო პირობას წარმოადგენდა. ამ პირობის თანახმად, შემსრულებელ კომპანიას უნდა უზრუნველეყო საექსპლუატაციო ვადაში გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა. ამ ეტაპზე შემსრულებლის მიერ დამზადებულია სანიმუშო კრამიტები, რომელიც ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე სრულფასოვან ექსპერტიზას გადის”, – აცხადებენ სააგენტოში.

უწყების ცნობით, მნიშვნელოვანი ხარვეზებია დაფიქსირებული ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სადაც გადახურვებზე არსებული დეფექტები, სავარაუდოდ, კირის ამორტიზებულ შევსებებს უკავშირდება, განსაკუთრებით, გადახურვებისა და კედლის შეპირაპირების ადგილებში.

სააგენტოში ვარაუდობენ, რომ შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები. დასველების შედეგად კი, სააგენტოს განცხადებით, ნაწილობრივ ჩამოცვივდა XX საუკუნის რესტავრაციისას გაკეთებული ქიმები.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტაძრის ზედა ნაწილებზე (გუმბათი, მკლავები, მკლავთაშორისი სივრცეები), სადაც გადახურვები აშშ-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოეწყო, კრამიტის დაზიანება არ ფიქსირდება.

ამასთან, მდგომარეობის ადგილზე შეფასებისა და მონიტორინგის შედეგად სააგენტომ გამოავლინა კედლის მხატვრობის შემდეგი დაზიანებები, კერძოდ:

“ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სავარაუდოდ, გადახურვასა და კედლის შეპირაპირების ადგილას არსებული კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები. დასველების შედეგად ნაწილობრივ ჩამოცვივდა XX საუკუნის რესტავრაციისას გაკეთებული ქიმები.

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერზე, სადაც კონცენტრირებულია დაზიანებული კრამიტები, დაფიქსირდა წყლის შედარებით მცირე რაოდენობის ინფილტრაცია, რის შედეგადაც სეგმენტურად დასველდა ეკვდერში არსებული კედლის მხატვრობის ნაწილი, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა თეთრი ნადები – სავარაუდოდ, მარილი” ,- აცხადებენ სააგენტოში.

უწყების განცხადებით, ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული დეტალური და ეტაპობრივი მონიტორინგისა და მონასტრის წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად, მოზაიკის დაზიანებისა ან/და მისი ფრაგმენტების დაკარგვა არ დადასტურებულა (მათ შორის, სააგენტოში აცხადებენ, რომ გადამოწმდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში აღინიშნული ინფორმაცია, თითქოს საკურთხეველში მოზაიკის ფრაგმენტების ცვენა შეინიშნებოდა).

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გელათის კედლის მხატვრობის ჰეტეროგენული ბუნებისა და საუკუნეების განმავლობაში გაჩენილი დაზიანებების გამო, აუცილებელია არსებული მდგომარეობის ისტორიულ (წარსულ და უახლეს) ჭრილში გაანალიზება, რაზეც აქტიურად მუშაობენ 2020 წლის მარტიდან დღემდე.

კედლის მხატვრობის არსებული მდგომარეობის, დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და აქტივიზაციის მექანიზმის კვლევისთვის მიმდინარე მონიტორინგის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისტორიული და ახალი/მიმდინარე დაზიანებების გამიჯვნაა.

სააგენტოს განცხადებით, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაცულია მრავალშრიანი, XII-XVII საუკუნეების კედლის მხატვრობა, რომელმაც ამ დრომდე არაერთი ისტორიული, მათ შორის სხვადასხვა პერიოდში წყლის ჩასვლის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებებით მოაღწია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კედლის მხატვრობაზე ბოლო ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშოები XX საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელდა, რა დროსაც სხვა ჩარევებთან ერთად დაზიანებული ნალესობის გამაგრების მიზნით გაკეთდა ქიმები და შევსებები.

სააგენტოში ამბობენ, რომ საპროექტო ეტაპზე, პროექტის განხორციელებისა და დასრულების მომენტისთვის, ვერ იქნებოდა გათვლილი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვებზე 2020 წელს გამოვლენილი ხარვეზები, რადგან ის დაკავშირებულია შესრულების ხარვეზებთან და მათი გამოვლენა საჭიროებს დროს:

“სწორედ ამ მიზნითაა განსაზღვრული პროექტის ფარგლებში საგარანტიო ვადა, რაც მისი დასრულების შემდეგ გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრის სამართლებრივ ბერკეტს ქმნის. ხარვეზების აღმოფხვრის ფინანსური უზრუნველყოფა, ამასთან, მსოფლიო მემკვიდროების ძეგლის დაზიანებულ გადახურვებთან დაკავშირებული გამოსასწორებელი ღონისძიებები კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი და მასში სახელმწიფო სახსრები არ გაიხარჯება”, – აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული და გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფქტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.