ნეტგაზეთი | ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკანონო დაკავებები — ახვლედიანი ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკანონო დაკავებები — ახვლედიანი – Netgazeti
RU | GE  

ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკანონო დაკავებები — ახვლედიანი

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახითებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის, განცხადებით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უდრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე.

აპარატის ცნობით, მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს დელეგაციამ კვლავ დააყენა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი, თუმცა რუსეთის დელეგაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე ტრადიციულად უარი განაცხადეს და მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს.

“მოლაპარაკებების მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობს, დღის წესრიგის სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების უხეში დარღვევები, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების ჩათვლით, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, რაც არ შეწყვეტილა პანდემიის ფონზეც ე.წ. „ბორდერიზაციის“, მოქალაქეთა უკანონო დაკავებების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის სახით.

ახვლედიანის განცხადებით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა და, რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მათივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის გაუსაძლის პირობებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, მედიკამენტებზე და საარსებო საშუალებებზე წვდომის შეზღუდვამ გამოიწვია. აღინიშნა ადგილობრივი სამოქალაქო ატივისტების შევიწროების საკითხი. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ამგვარი რეჟიმის გაგრძელების მიუღებლობას, რომლის შედეგადაც ფაქტიურად მძევლად არის აყვანილი ოკუპირებული რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა.

“განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკანონო დაკავებები. საქართველოს დელეგაციამ კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი; ამასთან განხილულ იქნა ირაკლი ბებუას საქმე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი და უპირობოდ გათავისუფლება.

ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების – ერგნეთში შეუფერხებლად მუშაობის და გალში წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას”, — განაცხადა ახლედიანმა.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების არაპოლიტიკურ ჭრილში განხილვის აუცილებლობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. თავის მხრივ, საქართველო ადასტურებს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას, რათა ეფექტიანად მოხდეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი