ახალი ამბები

ISFED-ის ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს – თალაკვაძე

11 დეკემბერი, 2020 •
ISFED-ის ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს – თალაკვაძე

“სამართლიანი არჩევნების” განცხადებას, სადაც წერია, რომ ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “რუსთავი 2”-ის ეთერში გამოეხმაურა. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს არჩევნების გაყალბებაზე გამოთქმული ბრალდებებისთვის, რადგან პარალელური დათვლისა და ცესკოს მონაცემები  ერთმანეთს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზციას ერთადერთი გზა დარჩა, ბოდიშის მოხდა და პარლამენტში შესვლა.

“სამართლიანი არჩევნების ამ განცხადების შემდეგ მე-4 პრეზიდენტმაც [გიორგი მარგველაშვილმა] და მთელმა ოპოზიციამაც ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში წაიკითხეთ, რომ ოპოზიციის მთავარი ბრალდება, თითქოს არჩევნები გაყალბდა, უსაფუძვლოა, რაც დღეს უკვე ამ განცხადებით დადასტურდა. ანუ ის, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა და მანდატების რაოდენობა სინამდვილეში ზუსტად ისეა გადანაწილებული, როგორც ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარ შედეგებში აჩვენა. საზოგადოებას ავუხსნი, რაზეა საუბარი.. ცესკოს პარალელურად ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს არჩევნებს და ითვლის პარალელურად, დამოუკიდებლად არჩევნების შედეგებს 800-ზე მეტ უბანზე, დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომ პარალელური დათვლის შედეგები პრაქტიკულად ემთხვევა ცესკოს შედეგებს”,-აცხადებს თალაკვაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

მანამდე, ISFED-ის პარალელური დათვლით, “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6%. სხვაობა 1.8%-ია. ცეკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” 48.2 პროცენტი მიიღო, რაც 0.4%-ით მეტია ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემზე. თუმცა ISFED აცხადებს, რომ მისი მონაცემის ცდომილების ზღვარი 0.7 პროცენტია. 1 პროცენტით გაიზარდა ენმ-ის რეიტინგი და 27.4% გახდა. ენმ/ძალა ერთობაშიას ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად 27.18 პროცენტი აქვს მიღებული. ISFED-ის ცდომილების ზღვარი 0.6%-ია. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემებიც მცირედით (0.1%) გაზრდილია. კორექტირებული მონაცემები მოწმობს, რომ ზრდა ბარიერგადაულახავი პარტიების შედეგების ხარჯზე მოხდა.

ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის შეცვლილი PVT შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი