ახალი ამბები

“კუნთის თვისებაა, დაიღალოს” – კახაძემ დაღლაზე პრეზიდენტის განცხადება განმარტა

11 დეკემბერი, 2020 • 879
“კუნთის თვისებაა, დაიღალოს” – კახაძემ დაღლაზე პრეზიდენტის განცხადება განმარტა

“კუნთის თვისებაა, დაიღალოს”,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ კითხვას იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავდა პრეზიდენტის ფრაზა დაღლის შესახებ.

“მას უნდა ჰკითხოთ. კუნთის თვისებაა, დაიღალოს და ამუშავდეს. ადამიანი როდესაც მუშაობს, იღლება. პრეზიდენტის განცხადება ალბათ ნიშნავდა, რომ ჩვენი ქვეყანა 30 წელია, იბრძვის, იღწვის დემოკრატიის გზაზე, მიდის ევროკავშირის გზაზე და ზოგჯერ არის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არასწორად მოფიქრალი ოპოზიციის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთის გადაძაბვა”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

პრეზიდენტმა დღეს, 11 დეკემბერს, გახსნა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც მხოლოდ “ქართული ოცნება” დაესწრო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ის არ შევა არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოში.

პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა კონტექსტში ოთხჯერ ახსენა სიტყვა “დაღლა”:

“მივესალმები საზოგადოებას, რომელიც ახლა გვიყურებს და გვეუბნება „დავიღალეთ“! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ.

„დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად, მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით!

ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება!

„დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება!

„დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული თუ კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით!”, – თქვა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი