ახალი ამბები

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დისტანციურად რეგისტრაცია მხოლოდ Internet Explorer-ით შეიძლება

10 დეკემბერი, 2020 • 4768
300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დისტანციურად რეგისტრაცია მხოლოდ Internet Explorer-ით შეიძლება

300- ლარიანი დახმარების მისაღებად მოქალაქეები rs.ge-ზე რეგისტრაციას მხოლოდ Internet Explorer-ით შეძლებენ.

როგორც უწყების მიერ მომზადებულ ვიდეოინსტრუქციაშია ნათქვამი, მომხმარებლებმა, რომლებიც მათ ელექტრონულ პლატფორმას პირველად იყენებენ, შემოსავლების  სამსახურში ვიზიტის გარეშე რეგისტრცია ვიდეოზარის მეშვეობით შეუძლიათ სამუშაო დღეებში 09-დან 18-00 საათამდე მხოლოდ Internet Explorer-ის გამოყენებით.

აღნიშნული ბრაუზერი უკვე იმდენად მოძველებულა მიიჩნევა, რომ მისმა შემქნელმა მაიკროსოფტთმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ 2021 წლის აგვისტოდან სრულად შეწყვეტს მის მხარდაჭერას და განალხებას არ გამოუშვებს. მაიკროსოფტი მომხმარებლებს სანაცვლოდ ახალი თაობის Edge ბრაუზერს სთავაზობს.

საქართველოს მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით, იმ ობიექტებში დასაქმებული ადამიანები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთა საქმიანობაც დეკემბერსა და იანვარში შეჩერდა, ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული დახმარება ეკუთვნით ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა ბიზნესზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ. ასევე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ვერ მიიღებენ დახამრებას, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. აღნიშნული პირები ითვლებიან რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებად.

ასევე, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ თვითდასაქმებულები, ვინც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განოხორციელების უფლება.

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებას შეძლებენ დაქირავებული პირებიც, ვინც 27 ნოემბრის ჩათვლით იმ დამქირავებლის სასარგებლოდ ეწეოდნენ საქმიანობას, ვისაც 28 ნოემბრიდან საქმიანობის განხორციელების უფლება შეუჩერდათ. ამასთან, დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ შეზღუდვების შემდეგ დაქირავებული პირები დამქირავებლისგან ხელფასს არ იღებდნენ, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ან შეჩერების გამო.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 300- ლარიანი დახმარების მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდათ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა საერალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

დახმარებების მისაღებად პირველი განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი”, – განმარტებულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ვინ და როგორ შეძლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას

მასალების გადაბეჭდვის წესი