ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“რაც სოხუმი დაეცა, ქირით ვართ. დევნილობის დახმარებაც წინასწარ გვაქვს აღებული” | ბინის რიგში

10 დეკემბერი, 2020 • 1273
“რაც სოხუმი დაეცა, ქირით ვართ. დევნილობის დახმარებაც წინასწარ გვაქვს აღებული” | ბინის რიგში

მანანა ქირია, დევნილი აფხაზეთიდან, 60 წლის

“რაც სოხუმი დაეცა, იმის შემდეგ თბილისში ვართ. სულ ნაქირავებში, ერთი ბინიდან მეორეში, მეორედან მესამეში გადავდივარ. პირველად დევნილობის დახმარებასაც არ ვიღებდი, იმიტომ რომ, პირველ რიგში, ჯერ დაბრუნების იმედიც გვქონდა, მეორეც, თავიდან ისე არ გვიჭირდა, როგორც სხვებს. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, სხვებს ჩვენზე მეტად უჭირთ და ჩვენ არ ავიღოთო. არც იმის უფლებას მაძლევდა, რომ სადმე შევჭრილიყავით, როგორც სხვები. მერე ნერვიულობაზე გული გაუსკდა ჩემს ქმარს. დავრჩი შვილებთან ერთად.

ერთმა შვილმა წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ ახლა უმუშევარია, მეორე ჯერ სტუდენტია. მე ონკოლოგიური პაციენტი ვარ [მეოთხე სტადია] და მუშაობა არ შემიძლია.

განაცხადი შეტანილი გვაქვს ბინაზე, სოციალურ დახმარებაზეც, მაგრამ ამდენი ხანი საშველი არ დაადგა. 24 საათი სამინისტროსთან დგომა კი მე არ შემიძლია, არ მიწყობს ჯანმრთლობა ხელს. ქირის ფულს თვიდან თვემდე როგორღაც, წვალებით ვიხდით. დევნილის დახმარება წინასწარ მაქვს ღებული, პენსიის სესხიც მაქვს აღებული.

აფხაზეთში ჩვენს სახლში ადრე ჩემი ქმრის მძღოლი ცხოვრობდა, მერე მან გააჩუქა ეს სახლი და, როგორც ვიცი, ახლა აფხაზი ცხოვრობს. კიდევ გვქონდა სხვა ბინები, ისინი, მგონი, დაკეტილია და არავინ ცხოვრობს. ჩემს მეუღლეს პანსიონატებიც ჰქონდა საკუთრებაში. ძალიან კარგად ვცხოვრობდით და ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მთელი თბილისის გადახეხვა და გადაქლორვა მომიწევდა”.

 

ამავე თემაზე:

მოლოდინის პოლიტიკა და დევნილები

მასალების გადაბეჭდვის წესი