ახალი ამბები

ელისაშვილის თქმით, პარლამენტში არ შედის, თუმცა მანდატების გაუქმებას ხელს არ აწერს

9 დეკემბერი, 2020 • 1963
ელისაშვილის თქმით, პარლამენტში არ შედის, თუმცა მანდატების გაუქმებას ხელს არ აწერს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში არ შევა, თუმცა მანდატების გაუქმებას ხელს არ აწერს. ამის შესახებ მან “მთავარ არხზე” ნიკა გვარამიას გადაცემაში ისაუბრა.

გვარამიამ ელისაშვილს ჰკითხა, ტოვებს თუ არა ღიად სიას, ანუ აპირებს თუ არა, სხვა ბარიერგადალახული ოპოზიური პარტიების წევრების მსგავსად ხელი მოაწეროს იმას, რომ დეპუტატის მანდატი გაუუქმონ, რაზეც ელისაშვილმა უპასუხა, რომ არ აპირებს.

ამასთან, კითხვაზე, შევა თუ არა პარლამენტში 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს, ელისაშვილი პასუხობს, რომ არ შევა.

“არა, 11-ში არ შევდივარ, შანსი არ არის, პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ, არაფერს არ ვწერ. ველოდები, რომ სიტყვას შეასრულებენ”, — ამბობს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოთხივე საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიტანა, “ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია.

ელისაშვილი დეტალების შესახებ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ “ოცნება” რიგგარეშე არჩევნებზეც დათანხმდა, თუ ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

“ოცნებამ” ოთხივე საკითხზე, რომელიც მოლაპარაკებებზე მივიტანეთ, უკან დაიხია — ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი