ახალი ამბები

რულოვსი ხანგოშვილის საქმეში მნიშვნელოვან მოწმედ დაასახელეს – DW

9 დეკემბერი, 2020 • 2140
რულოვსი ხანგოშვილის საქმეში მნიშვნელოვან მოწმედ დაასახელეს – DW

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ (DW) რუსულენოვანი სამსახური იუწყება, რომ გერმანელი გამომძიებლების თანახმად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი „მნიშვნელოვანი მოწმე“ არის საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი.

„დოიჩე ველეს“ რეპორტიორმა 9 დეკემბრის გადაცემაში განაცხადა, რომ რულოვსის საკითხზე იმავე დღეს გამართულ სასამართლოზე ისაუბრეს გამომძიებლებმა.

გამოცემის თანახმად, გამომძიებლებმა სასამართლოზე თქვეს, რომ რულოვსი ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას გეგმავდა.

DW-ის ცნობითვე, რულოვსს ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩასვლა სთხოვეს, თუმცა საბოლოოდ ტელეფონით გამოკითხეს.

როგორც „დოიჩე ველეს“ რეპორტიორი ამბობს, რულოვსის გამოკითხვის დეტალებზე სასამართლოზე არ უსაუბრიათ.

მისი თქმითვე, სასამართლოში არაფერი უთქვამთ რულოვსისა და ხანგოშვილის შეხვედრის მიზანზე.

რულოვსი და ხანგოშვილის მოთხოვნა თავშესაფარზე

სანდრა რულოვსმა „გარდიანთან“ საუბარში 2019 წელს თქვა, რომ როდესაც ხანგოშვილი გერმანიას თავშესაფარს სთხოვდა, მან მხარდაჭერის წერილი დაწერა და ხანგოშვილის თხოვნას მხარი დაუჭირა.

ხანგოშვილმა თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და, როგორც თავად ამბობდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

„საქართველოში უშიშროების მხრივ სიტუაციის გაუარესებასთან და რუსული გავლენის ზრდასთან ერთად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი დიდი საფრთხის წინაშე იქნებოდა, თუკი გერმანია უარყოფითად უპასუხებდა მისი და მისი ოჯახის თხოვნას თავშესაფრის მინიჭების შესახებ და უკან გააბრუნებდა“, – ეუბნება რულოვსი „გარდიანს“ 2019 წლის სექტემბრით დათარიღებულ სტატიაში.

„ხელს შეუწყობს გამოძიებას“

ამ საკითხზე 9 დეკემბერსვე ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ დაუსვა კითხვა რულოვსის მეუღლეს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა:

„არ ვიცი არაფერი, მაგრამ თუ შეგვიძლია, რომ ხელი შევუწყოთ ამ საქმის გამოძიებას [ასეც მოვიქცევით]…

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხანგოშვილი „ძალიან დადებით როლს თამაშობდა“ საქართველოსთვის და ლაფანყურის სპეცოპერაციისას „ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ეხმარებოდა“.

წამყვანის კითხვაზე, აპირებს თუ არა რულოვსი ბერლინში ჩასვლას, სააკაშვილმა თქვა:

„არ ვიცი, თქვენგან გავიგე ახლა. ჩვენი შვილი ცხოვრობს ბერლინში, არა მგონია, ეგ პრობლემა იყოს… თუ [სანდრას] დახმარება შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს ამ გამოძიებას“.

ხანგოშვილის მკვლელობა

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

თავდაპირველად ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ მოგვიანებით უკვე ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა.

გერმანიის ფედერალური პროკურორის ოფისმა საბრალდებო დასკვნაში დაწერა, რომ 2019 წლის 18 ივლისამდე, დაუდგენელ დროში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სააგენტოებმა ბრალდებულს მისცეს თორნიკე ქ-ს [იგივე ზელიმხან ხანგოშვილის] — ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის ბრძანება.

ხანგოშვილის შესახებ

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი იყო.

იგი იბრძოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომში 2000-04 წლებში, როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ლიდერი.

შემდეგ, 2008 წელს, — როგორც გერმანიის პროკურატურა წერს, — საქართველოს მთავრობის სახელით, მან შეკრიბა მოხალისეთა რაზმი სამხრეთ ოსეთის დასაცავად, თუმცა ეს რაზმი არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში.

ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს მშობლიურ მიწაზე, პანკისის სოფელ დუისში დაკრძალეს.. 29.08.2019. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილს ტერორისტად მიიჩნევდა და „კავკასიური ემირატის“ წევრობაში სდებდა ბრალს.

ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ვადიმ კ., იგივე ვადიმ სოკოლოვი. რამდენიმე კვირაა, გერმანიაში სასამართლომ მისი საქმის განხილვა დაიწყო.

დოიჩე ველეს თანახმად, სწორედ მის სასამართლოზე ისაუბრეს გამომძიებლებმა სანდრა რულოვსის შესახებ.

საქართველოს მთავრობას საკუთარი მოქალაქის მკვლელობის საქმეზე რუსეთთან კონტექსტში პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი